საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ უწყება საკომუნიკაციო კამპანიის დაწყებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც მომზადდება ვიდეორგოლები, თუ როგორ უნდა მართონ პაციენტებმა კოვიდ ინფექცია სახლის პირობებში.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ომიკრონის შტამს შედარებით სუსტი მიმდინარეობა ახასიათებს, შესაბამისად, პაციენტების უმეტესობის სახლის პირობებში მართვა შესაძლებელია:
“ვაპირებთ, საკომუნიკაციო კამპანია გავაკეთოთ, სარეკლამო ვიდეორგოლები, თუ როგორ უნდა იმკურნალონ სახლის პირობებში, უფრო მეტი კომუნიკაცია რომ გვქონდეს მოსახლეობასთან. როგორც ვხედავთ და სხვა ქვეყნის გამოცდილებამაც აჩვენა, ეს არის ჩვეულებრივი, მიმდინარე სეზონური გრიპი, ასეთ გრიპად გადაიქცევა. მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა სახლის პირობებში იმკურნალონ და მივცეთ მათ სწორი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა იმკურნალონ სახლის პირობებში“, — თქვა მინისტრმა აზარაშვილმა.
მისივე თქმით, ქრონიკული დაავადებების ან მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს შესთავაზებენ როგორც კლინიკაში გადაყვანას, ისე ბინაზე მკურნალობას, სადაც ექიმთან კონსულტაცია და უკუკავშირი უფრო ინტენსიური იქნება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, სამინისტრომ ბოლო ერთ კვირაში დაამატა ოჯახის ექიმების ის რაოდენობა, რაც საკმარისია მოქალაქეებისთვის კვალიფიციური სერვისის მისაწოდებლად. გარდა ამისა, ქოლცენტრების ოპერატორების პოზიციაზე სამინისტროს პაციენტებთან კომუნიკაციაში ეხმარებიან სამედიცინო უნივერსიტეტის ბოლო კურსის სტუდენტები და რეზიდენტები.