პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში, 6 სხვადასხვა ადგილიდან 148 ე.წ. მაინერი ამოიღო. ეს არის კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობა, რომლითაც ადგილობრივები ენერგორესურსებს მოიპოვებდნენ.

“გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით ადგილობრივები, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი რაოდენობით სპეციალური ტექნიკური მოწყობილობა”, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებაში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს-ში აცხადებენ, რომ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დანაშაულში ჩართული პირების გამოსავლენად.

მესტიაში ე.წ. მაინერების უკანონოდ გამოყენების შესახებ რამდენიმე დღის წინ მამუკა მდინარაძემ ისაუბრა. მესტიაში უკანონო კრიპტომაინინგის გამო ელექტროხაზები მუდმივად გადატვირთულია, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება კი მნიშვნელოვნად აზიანებს როგორც ქვეყნის ენერგეტიკას, ასევე მესტიის ადგილობრივ მოსახლეობას და კერძო სექტორს. მდინარაძემ უკანონო კრიპტომაინინგის აღმოსაფხვრელად გამრიცხველიანების პროცესის დაიწყება დააანონსა. მდინარაძის თქმით, გამრიცხველიანების ერთადერთი მიზანი ელექტროენერგიის უკანონო და ფარული მოხმარების აღმოფხვრაა.