ახალი ამბები

საათობრივი პარკირება დიდუბე-ჩუღურეთსა და მთაწმინდაზეც ამოქმედდება

26 იანვარი, 2022 • 1937
საათობრივი პარკირება დიდუბე-ჩუღურეთსა და მთაწმინდაზეც ამოქმედდება

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, პირველი მარტიდან თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებს მთაწმინდის, დიდუბის და ჩუღურეთის რაიონებიც შეემატება.

ასევე, პარკირებისთვის დამატებითი ადგილები გამოიყოფა საბურთალოზეც. ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე დღეს, 26 იანვარს განაცხადა.

მისი განმარტებით, დიდუბის რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირება მოიცავს წერეთლისა და ცაბაძის ქუჩებს, ჯამში, 90 საპარკინგე ადგილით.

ჩუღურეთის რაიონში, 13 ქუჩაზე, ჯამში, 497 საპარკინგე ადგილი გამოიყოფა.

მთაწმინდის რაიონში, თავისუფლების მოედანსა და 32 მიმდებარე ქუჩაზე, ჯამში, 1 116 ადგილი ამოქმედდება.

რაც შეეხება საბურთალოს, აქ არსებულ ზონალურ-საათობრივ პარკირებას შეუერთდება:

ჩიქოვანის, ბალანჩივაძის და ჩაილურის ქუჩები, საერთო ჯამში, 135 ახალი ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილით.

კალაძის თქმით, პირველი თებერვლიდან აღნიშნული რაიონებში განთავსდება საინფორმაციო ჯიხურები, სადაც მოსახლეობას შეეძლება დეტალური ინფორმაციის მიღება.

“პრობლემა არის, რომ კონკრეტულ ქუჩებზე, კონკრეტულ რაიონებში ადგილობრივ მოსახლეობას აქვს სერიოზული პრობლემები, საკუთარ ავტომობილს ვერ აყენებენ საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისეა გადაჭედილი ყველაფერი.

შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება მისი საცხოვრებელო სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმ კონკრეტულ ქუჩებზე და ადგილებზე, რომელსაც მუნიციპალიტეტი გამოყოფს, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, სრულიად უფასო იქნება მათთვის. მთავარია, ავტომობილი დაარეგისტრიროთ”, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, სპეციალური საპარკინგე ადგილები გამოიყოფა შშმ პირებისთვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის, რომლებიც უფასო პარკირებით სარგებლობას შეძლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი