ახალი ამბები

„პოლიციური სახელმწიფო – როდემდე?“ – აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

25 იანვარი, 2022 • 3367
„პოლიციური სახელმწიფო – როდემდე?“ – აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

მთავრობის ადმინსტრაციასთან „მწვანეების“ ორგანიზებით იმართება აქცია, სახელწოდებით – „პოლიციური სახელმწიფო – როდემდე?“. აქციაზე პოლიციელის მხრიდან მეტროში შშმ პირის მიმართ ძალადობას აპროტესტებენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ,  ბოლო ათწლეულებია საქარვთველო პოლიციურ სახელმწიფოდ იქცა, სადაც ძალოვან უწყებებს განუზომელი ძალაუფლება აქვთ. ამიტომ, მათი თქმით, მხოლოდ იმ პოლიციელის დაკავება, რომელმაც არასრულწოვან შშმ პირზე იძალადა, საკმარისი არ არის და საჭიროა სისტემური ცვლილებები.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრმაც უნდა აიღოს

„2012 წელს ხელისუფლების ცვლილების ერთ-ერთი მთავარი საბაბი პოლიციური და რეპრესიული რეჟიმის დასრულება იყო. თუმცა ამის შემდეგ რეალურად არაფერი შეცვლილა, პირიქით, მჩაგვრელი სისტემა გამყარდა და ნორმალიზდა. ძალოვანი სტრუქტურები კვლავ პარტიულ დაკვეთებს ასრულებენ და ხალხის ნაცვლად მმართველი პარტიის ინტერესებს იცავენ.

ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ არაერთი ფაქტი პოლიციის მიერ მოქალაქეებზე ძალადობის და მათ შორის მკვლელობის. ამ სისტემამ მოკლა ლუკა სირაძე, ამ სისტემამ მოკლა დემურ სტურუა, ამ სისტემამ მოკლა თემირლან მაჩალიკაშვილი და კიდევ მრავალი.

წარმოუდგენელია ამ დონის ყოველდღიური ძალადობის ფონზე ცხოვრების გაგრძელება. პოლიცია და პოლიციელი უნდა იყოს მოქალაქეების უფლებებისა და უსაფრთხოების დამცველი. ჩვენს შემთხვევაში კი ამის საწინააღმდეგოა – პოლიცია თავადაა საფრთხე”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.


გუშინ, 24 იანვარს, გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანს სცემს. საუბარია, 23 იანვრის ვიდეოჩანაწერზე, რომელიც მეტროსადგურ „ისანშია“ გადაღებული.

17 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი, ძმასთან და მეგობრებთან ერთად, იმყოფებოდა მეტროსადგურ ,,ისანში“. მეტროს ესკალატორთან მყოფმა პატრულ-ინსპექტორმა  არასრულწლოვანი ესკალატორით აიყვანა მეტროს ფოიეში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში. აღნიშნულ ოთახში მყოფმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმაში.

მიუხედავად არასრულწლოვნის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა გამეტებით მის ცემას.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელმა, რომელიც შეესწრო მისი კოლეგის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობას, არ შეატყობინა აღნიშნულის შესახებ საგამოძიებო ორგანოს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, მეტროში შშმ მოზარდის ცემის საქმეზე 2 პოლიციელი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი