ახალი ამბები

საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსი ერთი ქულით გაუარესდა -TI

25 იანვარი, 2022 • 1102
საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსი ერთი ქულით გაუარესდა -TI

გასულ წელთან შედარებით, საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსი ერთი ქულით გაუარესდა. ამის შესახებ საუბარია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ (TI) სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც 2021 წლის პერიოდს მოიცავს.

„კორუფციის აღქმის ინდექსის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს 55 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით გაუარესებული შედეგია. რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის საქართველო 45-ე ადგილს იკავებს და რეგიონში (აღმოსავლეთ ევროპა და შუა აზია) პირველობას ინარჩუნებს:

„სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კონცენტრაცია ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოში, რომელიც 55 ქულით რეგიონში ლიდერობს. მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გავლენა ძირითად ინსტიტუციებზე სახელმწიფოს მიტაცების სფეროში ჯდება, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ფორმალურად დატოვა პოლიტიკა. მისმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, ბოლო წლებში საბოლოოდ ხელში ჩაიგდო სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები, რითაც ფაქტობრივად შეაჩერა კორუფციასთან საბრძოლველად საჭირო პოლიტიკური იმპულსი“ ,- აცხადებენ კვლევის ავტორები.

„კორუფციის აღქმის ინდექსი“ კორუფციის გლობალური რეიტინგია, რომელიც ზომავს თითოეული ქვეყნის საჯარო სექტორის კორუმპირებულობის დონეს ექსპერტებისა და ბიზნესსექტორის მოსაზრებებზე დაყრდნობით.

არის თუ არა 55 ქულა კარგი შედეგი?

ორგანიზაციის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს, 55 ქულა საშუალო მაჩვენებელია. მაგალითისთვის, საუკეთესო შედეგის მქონე 10 ქვეყნის ქულები 80-ს აღემატება.

TI აცხადებს, რომ საქართველოს ქულა საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა 2012 წლის შემდეგ, რაც ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყანაში ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს:

„სახელმწიფოს ინსტიტუტების მიტაცების ტენდენციის პარალელურად, საქართველოს მთავრობისთვის კორუფციასთან ბრძოლა არ წარმოადგენს პრიორიტეტს და ბოლო წლებში არ განხორციელებულა იმგვარი მასშტაბის ან ამბიციის რეფორმა, რომელიც ანტიკორუფციულ გარემოს გააუმჯობესებდა. კორუფციასთან ამგვარი დამოკიდებულება უკიდურესად სახიფათოა, რადგან მუდმივი და აქტიური წინააღმდეგობის გარეშე, კორუფციის პრობლემის მხოლოდ დამძიმებას უნდა ველოდოთ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

TI აცხადებს, რომ საქართველოს ქულა მეტწილად განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ქვეყანაში დაბალია წვრილმანი მექრთამეობა. თუმცა, ამავე დროს, ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც არსებობს, ქმნის იდეალურ გარემოს კორუფციის გაღრმავებისთვის. ორგანიზაციის თქმით, ეს გამოწვევებია:

  • არაფორმალური მმართველობა – პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის ფორმალურად წასვლის მიუხედავად, მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობები დღემდე სწორედ მის კომპანიებში ნამუშევარ ადამიანებს უკავიათ.
  • ძალაუფლების არაჯანსაღი კონცენტრაცია მმართველი პარტიის ხელში.
  • გაწონასწორებისა და შეკავების დემოკრატიული სისტემის დასუსტება – სასამართლოს, პროკურატურის და დამოუკიდებელი ინსტიტუციების პოლიტიკური დამორჩილება.
  • პარლამენტის სუსტი საზედამხედველო როლი კორუფციის შეკავების პროცესში.
  • მაღალი დონის კორუფცია – კორუფციის ასეთ სავარაუდო შემთხვევებზე რეაგირება, როგორც წესი, არაეფექტურია.
  • საგამოძიებო ორგანოების მიერ კორუფციის ფაქტები ხშირად გამოუძიებელი და დაუსჯელი რჩება. არ არსებობს კორუფციასთან ბრძოლაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ინსტიტუტი.
  • შეჩერებული ანტიკორუფციული რეფორმა – მთელი რიგი ანტიკორუფციული მექანიზმები სუსტია (ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი), ან მხოლოდ ქაღალდზე არსებობს (ინტერესთა შეუთავსებლობა, ნეპოტიზმი, მხილება და მამხილებელთა დაცვა, მბრუნავი კარი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ოფიციალურად აღიაროს ქვეყანაში კორუფციის და კონკრეტულად, მაღალი დონის კორუფციის პრობლემის არსებობა და პრიორიტეტულ რეჟიმში დაიწყოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა:

  • საჯარო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენისა და სახელმწიფოს მიტაცების სხვა გამოვლინებების აღმოფხვრა;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან კორუფციის გამოძიების ფუნქციის ჩამოშორება და დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მაღალი დონის კორუფციის გამოძიებასა და ანტიკორუფციული კანონმდებლობის ეფექტიან აღსრულებაზე;
  • პროკურატურის დამოუკიდებლობის და მისი მმართველი პარტიისა და არაფორმალური ჯგუფების არაჯეროვანი გავლენისგან დაცულობის უზრუნველყოფა;
  • სასამართლო სისტემის რეალური რეფორმირება;
    პარლამენტის საზედამხედველო როლის გაძლიერება;
  • ანტიკორუფციული პოლიტიკის განახლება;
  • საერთაშორისო ვალდებულებებისა და რეკომენდაციების შესრულება.

კორუფციის აღქმის ინდექსი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული შეიცავს სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას.

2021 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი, „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბიზნესის ხელმძღვანელ პირთა აზრის გამოკითხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი