ახალი ამბები

მადლობა მეუფე ნიკოლოზს შინაპატიმრობის ინიცირებისთვის, მაგრამ არანაირ პატიმრობას არ ვიღებ – სააკაშვილი

24 იანვარი, 2022 • 1124
მადლობა მეუფე ნიკოლოზს შინაპატიმრობის ინიცირებისთვის, მაგრამ არანაირ პატიმრობას არ ვიღებ – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის შეთავაზებას შიანაპტიმრობაში გადაყვანასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ უსამართლო განაჩენზე დაფუძნებულ არანაირ პატიმრობას არ მიიღებს, მათ შორის არც შინაპატიმრობას. ამის შესახებ სააკაშვილის წერილი ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.

“ძალიან დიდი მადლობა მეუფე ნიკოლოზს თავის ეპარქიაში ჩემს შინაპატიმრობაში გადაყვანის ინიცირებისთვის. მე არაერთხელ ვარ იქ ნამყოფი. მართლაც ჯადოსნური, სიყვარულით და ინტელექტუალური და სულიერი ენერგიით სავსე ადგილია. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ მე არანაირ პატიმრობას არ ვიღებ, მათ შორის შინაპატიმრობას, დაფუძნებულ უსამართლო “განაჩენებზე”.

ჩემი ამოცანაა, მქონდეს საშუალება, ვიყო თავისუფალი და გადავადგილდებოდე საქართველოში, ჩვენს მოქალაქეებს გისოსებიდან და სასამართლოს შუშის მეორე მხრიდან კი არ ვუყურებდე, არამედ ხელს ვართმევდე, მხარზე ხელს გადავხვევდე, თვალებში ვუყურებდე, პირადად ვუსმენდე და ძალ-ღონე არ დავიშურო მათი ამ უბედური მდგომარეობის გადასალახად.

მე ჩამოვედი იმიტომ, რომ მომენატრა ჩვენს ხალხთან ასეთი ურთიერთობა და იმედია, ჩვენს ხალხსა და ჩემ შორის გისოსებს ერთობლივი ძალით გავწევთ გვერდზე და ბადრაგები ვეღარ გაგვყოფენ მე და ჩვენს თანამოქალაქეებს.

ივანიშვილს კი მინდა ვუთხრა, უნდა მიიღოს ორი რეალობა – ერთი, რომ უკვე საქართველოში ვარ და მეორე, რომ დიდხანს გისოსებში ვერ გამაჩერებს და თუ მომკლავს, ეგ დაასრულებს. იფიქრე ამ სიტუაციის ცივილიზებულ, მშვიდობიან და ყველასათვის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადაწყვეტაზე”, – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა 18 იანვარს ხელისუფლებას შესთავაზა, რომ სააკაშვილს სასჯელი მის ეპარქიაში, შინაპატიმრობაში მოეხადა.

მიტროპოლიტის თქმით, მისი ეპარქია ბუნებრივადაც დაცულია, თუმცა ხელისუფლებას სააკაშვილი შესაბამისი დაცვით უნდა უზრუნველყო.

როგორც სასულიერო პირი ამბობდა, სააკაშვილის ეპარქიაში გადაყვანა ბევრ პრობლემას მოხსნიდა.

შემიძლია სააკაშვილს ჩემს ეპარქიაში გამოვუყო სივრცე შინაპატიმრობისთვის – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

მასალების გადაბეჭდვის წესი