ახალი ამბები

უკრაინაზე რეზოლუციის იდეა სიტუაციის შეუსაბამოა – კანდელაკი

24 იანვარი, 2022 • 1081
უკრაინაზე რეზოლუციის იდეა სიტუაციის შეუსაბამოა – კანდელაკი

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ საპარლამენტო ოპოზიციის მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების მოთხოვნა „უბრალოდ ორთქლის გამოშვება და ფუჭია“.

მისი თქმით, ოპოზიციამ  „ქართულ ოცნებას“ მუშაობის იმიტაციის საშუალება არ უნდა მისცეს.

როგორც კანდელაკი ამბობს, საქართველოს სჭირდება მხოლოდ უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე მოქმედება.

„დღეს ვითარება უკრაინის ირგვლივ არის იმდენად სერიოზული და მძიმე, რომ ერთადერთი რამ, რაც პრაგმაატულად სჭირდება საქართველოს, მის ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს, არის მხოლოდ უკრაინასთან უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე ერთ გუნდად მოქმედება საერთაშორისო ასპარეზზე, რაც გულისხმობს პირველ რიგში პრემიერ-მინისტრის ჩასვლას კიევში”, – განაცხადა კანდელაკმა და დასძინა, რომ საჭიროა საქართველოს პრობლემების აქტუალიზაცია დასავლეთის მაღალი დონის პოლიტიკურ დღის წესრიგში.

“აქედან გამომდინარე, ის რეზოლუციის იდეა, რომელიც წამოაყენა საპარლამენტო ოპოზიციამ, და ახლა არც ვეხები პარლამენტის ლეგიტიმურობის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვითარების სიმძიმიდან გამომდინარე, არის სიტუაციის შეუსაბამო, არაადეკვატური და იქნებოდა უბრალოდ ორთქლის გამოშვება და ფუჭი. არ უნდა მივცეთ საშუალება ოცნებას, რომ მოახდინოს მუშაობის იმიტაცია, რაც მას არაერთხელ გაუკეთებია წარსულში“, – განაცხადა კანდელაკმა.

საპარლამენტო ოპოზიცია უმრავლესობას მოუწოდებს, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთობლივად მიიღონ. ამის შესახებ ოპოზიციამ დღეს, 24 იანვარს, პარლამენტში ბრიფინგი გამართა.

მათი თქმით, მოცემულ ვითარებაში აუცილებელია სტრატეგიული მეგობრის და პარტნიორის მიმართ საერთო სახელმწიფოებრივი, მრავალპარტიული მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვა.

გარდა ამისა, ოპოზიცია ითხოვს, საქართველო-უკრაინის მეგობრობის ჯგუფის გააქტიურებას და უახლოეს დღეებში ერთობლივი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით კიევში საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტის ორგანიზებას.

ოპოზიცია ასევე ითხოვს მიმდინარე კვირას საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრას უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი