დაბა ბაკურიანში 5958 კვ/მ ფართობის ტყე 49 წლით სარგებლობაში პრემიერ ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს გასული წლის დეკემბერში გადაეცა.
სახელმწიფო ქონების გადაცემა განხორციელდა ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 2 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე. ტყით სპეციალური სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება კი საჯარო რეესტრმა 28 დეკემბერს დაარეგისტრირა.
დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია ჯერჯერობით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და ის ტყის ფონდში ირიცხება. მის მომიჯნავედ კი ნუნუ თამაზაშვილი ცალკე 1 530 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთსაც ფლობს საკუთრებაში. ეს ნაკვეთი კი სასოფლო- სამეურნეო [საკარმიდამო] დანიშნულებისაა.
ეს საკარმიდამო ნაკვეთი თამაზაშვილს, დოკუმენტების მიხედვით, ორ ნაწილად, 2017 და 2019 წლებში აქვს ნაყიდი კერძო პირებისგან და შემდეგ, გაერთიანებული ერთ ნაკვეთად .
საქართველოს კანონმდებლობით, ტყით სპეციალური სარგებლობის სახეებია:
- სამეურნეო ჭრით ხე-ტყის დამზადება;
- ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება;
- პლანტაციური მეურნეობის მოწყობა;
- სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყით სარგებლობა;
- საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყით სარგებლობა;
- თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა;
- ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობა;
- ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსება;
- სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყით სარგებლობა;
- განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა.
ნუნუ თამაზაშვილზე სახელმწიფო ქონების 49 წლით სპეციალური სარგებლობით გადაცემასთან დაკავშირებთ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გადაცემული ნაკვეთით სარგებლობისთვის ნუნუ თამაზაშვილი წლიურად 6 255,9 ლარს გადაიხდის და მას უფლება აქვს, ტერიტორია საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით გამოიყენოს.
აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით 22 იანვარს განცხადება გაავრცელა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ. განცხადების თანახმად, ნუნუ თამაზაშვილს ტყის ფართობით სარგებლობის უფლება ელექტრონული აუქციონის გზით გადაეცა, რომელში მონაწილეობის უფლებაც ყველა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს ჰქონდა. ტყით სპეციალური სარგებლობა კი საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით, 49 წლის ვადით, სხვადასხვა ვალდებულების გათვალისწინებით გამოცხადდა.
“აუქციონში გამარჯვებული პირი მთელი რიგი ვალდებულებებით უზრუნველყოფს ტყის საფარის მოვლა/პატრონობას. საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის #221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ შესახებ დებულების შესაბამისად, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის, ბაკურიანის სატყეო უბნის, ბაკურიანის სატყეოს კვარტალ N 5-ის და ლიტერ N 45-ში მდებარე 5958 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N 64.30.07.441) ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების გაცემის მიზნით, 2021 წლის 17 დეკემბერს გამოცხადდა აუქციონი # 964, ქონების სარგებლობის წლიური საწყისი საფასური განისაზღვრა 5958 ლარით, ბიჯი 297, 90 ლარი.
ელექტრონული (ინტერნეტ) აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია ელექტრონულად www.eauction.ge ვებ- გვერდზე, საშუალება ეძლევა, გააკეთოს სასურველ ფასზე შეთავაზება საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით”, – ნათქვამია სატყეო სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოს თქმით, აუქციონი 2021 წლის 24 დეკემბერს დასრულდა, გამარჯვებულად კი ფიზიკური პირი, ნუნუ თამაზაშვილი გამოცხადდა. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, სააგენტოს ცნობით, ეს თანხა 6 255.90 ლარს შეადგენს.
ამასთან, სააგენტოს განმარტებით, 2021 წლიდან სულ 22 იჯარაა გაცემული, რომლის საერთო ფართი 255948 კვ.მ.-ს შეადგენს და საიდანაც სახელმწიფოს წლიურად აქვს 55 225 ლარის შემოსავალი.
რაც შეეხება ნუნუ თამაზაშვილისთვის გადაცემულ ტყით სარგებლობის უფლებას, უწყების ცნობით, ხელშეკრულების პირობების თანახმად ტყით მოსარგებლე ვალდებულია:
- ტყით სარგებლობის უფლების მოპოვებიდან ერთი წლის ვადაში შეიმუშაოს და ტყის მართვის ორგანოს შესათანხმებლად/დასამტკიცებლად წარუდგინოს ტყით სარგებლობის და წლიური სამოქმედო გეგმა. აკრძალულია ტყით მოსარგებლის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება ტყით სარგებლობის გეგმის ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმების და წლიური სამოქმედო გეგმის დამტკიცების გარეშე.
- აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში, აუქციონის ჩატარების ინიციატორ დაინტერესებულ პირს აუნაზღაუროს აუქციონის გამოცხადებისათვის (აუქციონში მონაწილეობის მიღებისთვის) საჭირო, მის მიერ ტყის მართვის ორგანოში წარდგენილი დოკუმენტების შექმნისათვის გაწეული ხარჯი (ამ შემთხვევაში ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება).
- უზრუნველყოს ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა (მათ შორის ფიზიკური), გამოიყენოს ქონება მხოლოდ ხელშეკრულების მიზნებისათვის.
- მხარეთა მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დადგენილი წესით დასარეგისტრირებლად წარადგინოს წინამდებარე ხელშეკრულება და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინოს სააგენტოს (საჯარო რეესტრში ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის რეგისტრაციას, მათ შორის, ტყით სარგებლობის უფლების რეგისტარციას ახორციელებს ტყით მოსარგებლე).
- ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურთან გააფორმოს სახელმწიფო ტყის ტერიტორიის მიღება-ჩაბარების აქტი (ტყით სპეციალური სარგებლობა დასაშვებია ხელშეკრულების საჯარო რეესტრში დარეგისტრირების, ტყით სარგებლობის გეგმის სააგენტოსთან შეთანხმების, წლიური სამოქმედო გეგმის დამტკიცების და ტერიტორიის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ).
- წელიწადში ერთხელ სააგენტოში წარმოადგინოს ინფორმაცია (ანგარიში) განხორციელებული საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა, სააგენტოს მოთხოვნისთანავე, მაგრამ არაუმეტეს მოთხოვნის მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, წარუდგინოს მას ინფორმაცია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების თაობაზე.
- ინფრასტრუქტურის მოწყობის ან/და ობიექტის ფუნქციონირებისათვის სამუშაოები აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ნებართვის (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) საფუძველზე და უსაფრთხოების ნორმების/სტანდარტების შესაბამისად.
- დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო წესები და განახორციელოს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები; ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარებისას, დაიცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები და იქონიოს ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები.
- უზრუნველყოს ნარჩენების მართვა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.
- წინამდებარე ხელშეკრულების ვადის დასრულებიდან ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, აღნიშნული ტერიტორია, მასზე განთავსებული ობიექტ(ებ)ით (რომლის წაღებაც შეუძლებელია მაგ. მყარი შენობა ნაგებობა) მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცეს სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურს.
- თავისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებების განხორციელებას.
- ტყით სარგებლობისას არ გამოიყენოს საქმიანობის ის ფორმები და მეთოდები, რაც გამოიწვევს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას, ასევე (მათ შორის), ტერიტორიის ან ჰაერის დაბინძურებას. საკუთარი ინიციატივით ახალი მისასვლელი გზების გაყვანა, არსებული საგზაო კომუნიკაციების თვითნებური აღდგენა.
- აანაზღაუროს გადაცემულ ქონებაზე მიყენებული ზიანი.
- სააგენტოს წინასწარი თანხმობის გარეშე, გადაცემული ქონება ფლობასა და სარგებლობაში არ გადასცეს სხვა პირს.
- ტყით მოსარგებლე ვალდებულია დაიცვას საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყით სარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნები (ასევე, გადაიხადოს ქონების (მ.შ. მიწაზე) და სხვა გადასახადები).
სააგენტოს მიერ გამარჯვებულ პირთან ტყით სპეციალური სარგებლობის ხელშეკრულება გაფორმდა 2021 წლის 27 დეკემბერს.