ახალი ამბები

ბაქრაძე წულუკიანს დარიანის წიგნზე საჯარო დისკუსიას სთავაზობს

23 იანვარი, 2022 • 1374
ბაქრაძე წულუკიანს დარიანის წიგნზე საჯარო დისკუსიას სთავაზობს

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე კულტურის მინისტრს სთავაზობს, ელენე დარიანის წიგნთან დაკავშირებით დისკუსია საჯარო სივრცეში შედგეს. აღნიშნულს წინ უძღოდა როგორც თავად მინისტრის, ისე სამინისტროს კრიტიკული განცხადებები აღნიშნულ გამოცემაზე.

წიგნი „ელენე ბაქრაძე (დარიანი) – მოგონებები, წერილები, დღიურები, ლექსები“ ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა. მასში  ანა კალანდაძის ორი ლექსის ავტორად, შეცდომით, ელენე ბაქრაძეა მითითებული, რაზეც ლაშა ბაქრაძემ ჯერ კიდევ 2 იანვარს განაცხადა და საზოგადოებას მოუბოდიშა.

ამის შემდეგ, 17 იანვარს, განცხადება გაავრცელა კულტურის სამინისტრომ, რომლის თანახმადაც უწყება ლიტერატურის მუზეუმის დირექტორთან წიგნის საკითხის “სერიოზულ განხილვას” გეგმავს.

22 იანვარს, “პირველი არხის” ეთერში, საკითხს მინისტრი თეა წულუკიანიც გამოეხმაურა და დასძინა:

“ალბათ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლიტერატურის მუზეუმმა აწარმოოს ყველა მოსაზრების, ანუ განსხვავებული აზრის მქონე დარგის პროფესიონალების დისკუსია-დიალოგი, რადგან ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ ლიტერატურის მუზეუმს უკვე ჩვევად ექცა, ელენე დარიანს მიაწეროს მაგალითად, პაოლო იაშვილის ლექსები ან ახლა უკვე, კალანდაძის, გრიგოლ რობაქიძის, ანა ახმატოვას და სხვების ლექსები.

ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს დაუშვებელია, ეს უნდა გასწორდეს და განხილვა შედგეს, რომ მომავალში ამგვარი შეცდომები არ დაუშვას სახელმწიფო ორგანიზაციამ, რომელსაც პირიქით, მწერლებზე, მათ საავტორო უფლებებზე ზრუნვა და მათი ხსოვნის პატივისცემა ევალება”.

საპასუხოდ, ლაშა ბაქრაძემ საკითხის საჯარო განხილვა შესთავაზა მინისტრს.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვფიქრობ, კარგი იქნება ეს განხილვა შედგეს ღიად და გამჭვირვალედ, საჯარო სივრცეში, დაინტერესებული მედიის დასწრებით – ლიტერატურის მუზეუმში ან მაგ. მწერალთა სახლში, მაგრამ თუ ეს მიუღებელია – სატელევიზიო ლაივ გადაცემაში, იქ სადაც ქალბატონი თეასთვის კომფორტული გარემო იქნება – პირველ არხზე ან თუნდაც იმედზე”.

მე კოვიდ იზოლაცია დღეს დამიმთავრდა და ხვალ ვაპირებ სამინისტროში შეხვედრაზე მისვლას აუდიტთან, 12 საათზე, სადაც ხაზგასმით ცალკე, ჩემთვის შეუტყობინებლად, არის დაპატიჟებული ჩემი მოადგილე და წიგნის რედაქტორი ქალბატონი თეა თვალავაძე”, — დასძენს ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი.

ცნობილია, რომ სამინისტრომ მუზეუმისგან ზემოხსენებული გამოცემის გავრცელების შეწყვეტა და მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დაბრუნება მოითხოვა. თავად ბაქრაძე ამბობს, რომ შეუძლებელია ყველა მყიდველის ვინაობის დადგენა და, შესაბამისად, უკლებლივ ყველა წიგნის დაბრუნება.

დისკუსიის ფონზე, წიგნისადმი ინტერესი გაიზარდა, რის შემდეგად შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც სურს, ხელახლა გამოიცეს წიგნი “ელენე ბაქრაძე (დარიანი)”. 20 იანვრის მდგომარეობით, მოქალაქეებმა ამ საქმისთვის 31 000 ლარზე მეტი შეაგროვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი