ახალი ამბები

ერდოღანის შეურაცხყოფის ბრალდებით თურქეთში ჟურნალისტი დააკავეს

23 იანვარი, 2022 • 1777
ერდოღანის შეურაცხყოფის ბრალდებით თურქეთში ჟურნალისტი დააკავეს

ცნობილი თურქი ჟურნალისტი სედეფ ქაბაში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. მას პატიმრობა ემუქრება ანდაზის გამო, რომელიც ტელეეთერში გაახმიანა და “ტვიტერის” პირად გვერდზეც გამოაქვეყნა.

პოლიციამ ქაბაში 22 იანვრის ღამით, საკუთარ სახლში დააკავა. სასამართლომ ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

თურქული მედიის თანახმად, მანამდე, ოპოზიციური ტელეარხის  “TELE 1” ეთერში ჟურნალისტმა თქვა:

“ძალიან ცნობილი ანდაზაა: გვირგვინის დადგმის შემდეგ, თავი უფრო ჭკვიანი ხდება. თუმცა, ვხედავთ, რომ ასე არ არის…ხარი სასახლეში შესვლით მეფე არ ხდება, არამედ სასახლე ხდება ბოსელი”.

უკანასკნელი ანდაზა ჟურნალისტმა “ტვიტერზეც” გამოაქვეყნა. აქ მას 900 000-მდე გამომწერი ჰყავს.

სედეფ ქაბაშის ამ კომენტარს ერდოღანის სპიკერისა და თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის ხელმძღვანელის, ფაჰრეთთინ ალთუნის კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა:

“პრეზიდენტის ღირსება ჩვენი ქვეყნის ღირსებაა… მე ვგმობ ვულგარულ შეურაცხყოფას ჩვენი პრეზიდენტისა და მისი ოფისის მიმართ”, — დასძინა მან.

მეორე მხრივ, ჟურნალისტის დაკავება არაერთმა საჯარო ფიგურამ გააკრიტიკა. მათ შორის არიან ქაბაშის კოლეგები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

„მიუღებელია მისი დაკავება ღამის 2 საათზე ანდაზის გამო. ეს არის ჟურნალისტების, მედიისა და საზოგადოების დაშინების მცდელობა”, — ციტირებს Reuters “TELE 1”-ის დირექტორს, მერდან იანარდაღს.

BBC-ის თურქული სამსახურის ცნობით, სასამართლოში ქაბაშმა უარყო პრეზიდენტის შეურაცხყოფის განზრახვა.

თურქული კანონმდებლობით, პრეზიდენტის შეურაცხყოფა 1-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება.

თურქეთის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ 2020 წელს ამ მუხლით 31 297 გამოძიება დაიწყო, 7 790 საქმე აღიძრა და 3 325 ადამიანი გასამართლდა.

2014 წლის შემდეგ კი, როცა ერდოღანი, რომელიც იქამდე პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, პრეზიდენტი გახდა, ჯამში, 160 169 გამოძიება დაიწყო ხსენებული მუხლით. გასამართლებულთა რიცხვმა 12 800-ს გადააჭარბა.

მასალების გადაბეჭდვის წესი