ახალი ამბები

უკრაინამ აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი პარტია მიიღო

22 იანვარი, 2022 • 1280
უკრაინამ აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი პარტია მიიღო

აშშ-ის მიერ უკრაინისათვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების პირველი ნაწილი უკვე კიევშია. უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანახმად, ტვირთმა კიევის ბორისპოლის აეროპორტს 22 იანვარს, გამთენიისას მიაღწია.

ამავე განცხადების მიხედვით, პირველი პარტია მოიცავს 90 ტონა ლეტალურ იარაღს, საბრძოლო მასალის ჩათვლით. საელჩოს თქმით, ფაქტი აჩვენებს აშშ-ის მტკიცე ერთგულებას უკრაინის სუვერენული უფლებისადმი, დაიცვას თავი.

ტვირთი ნაწილია ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი დამატებითი სამხედრო დახმარებისა, რომლის ღირებულებაც, ჯამში, $200 მილიონია. გადაწყვეტილების შესახებ ვაშინგტონმა მიმდინარე კვირაში გამოაცხადა.

“შეერთებული შტატები გააგრძელებს ამგვარი დახმარების გაწევას,რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის შეიარაღებულს ძალებს მათ მუდმივ ძალისხმევაში, დაიცვან უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა რუსული აგრესიისგან.

როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა უთხრა პრეზიდენტ პუტინს, თუ რუსეთი შემდგომ შეიჭრება უკრაინაში, აშშ უკრაინას კიდევ მიაწვდის თავდაცვით მასალას”, — აღნიშნავს საელჩო.

უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით გაძლიერებული შიშების ფონზე, ბოლო პერიოდში ნატოს არაერთმა წევრმა გამოთქვა კიევისათვის შეიარაღების მიწოდებისათვის მზადყოფნა.

მიმდინარე კვირაში აშშ-მ ნება დართო ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს, ამერიკული წარმოების იარაღი მიაწოდონ უკრაინას. ალიანსის არაერთი წევრი — მათ შორის, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი — თანახმაა, კიევს შეიარაღება პირდაპირ მიაწოდოს.

რა ხდება?

რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის გეგმას უარყოფს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან.

გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატოს.

რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.

მოსკოვის მოთხოვნაა:

  • არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო;
  • არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება;
  • უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამხედრო საქმიანობაზე.

11 იანვარს ჟენევაში აშშ-რუსეთის დიპლომატიური მოლაპარაკებები გაიმართა, 12 იანვარს ბრიუსელში — ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 13 იანვარს ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა იმართება. ამ მოლაპარაკებებზე რუსეთმა ნატო-ს გაფართოების შეჩერების პირობა ვერ მიიღო.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს გარკვეული ზომები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და სამხედრო წვრთნების მასშტაბები, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი.

ამასთან, ვაშინგტონმა გამორიცხა აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს სამხედრო ყოფნის შესუსტება და რუსეთისთვის გარანტიის მიცემა, რომ ნატო არ გაფართოვდება.

აშშ არ წარადგენს წერილობით პასუხს რუსეთის წინადადებებზე 21 იანვრის შეხვედრაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი