ახალი ამბები

პროკურატურამ სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსზე უარი უთხრა

20 იანვარი, 2022 • 1392
პროკურატურამ სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსზე უარი უთხრა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ  მიხეილ სააკაშვილს უარი უთხრა დაზარალებულად ცნობაზე.

საგამოძიებო უწყების თქმით, ამის მიზეზი არის მოთხოვნის „დაუსაბუთებლობა“. პროკურატურა ამბობს, რომ დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, რომელთა პასუხის მიღებამდე სააკშვილს დაზარალებულის სტატუსს ვერ მიანიჭებენ.

პროკურატურის ინფორმაციით,  2021 წლის 9 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო N18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. კერძოდ, N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისას მის მიმართ შესაძლო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, მიზანმიმართული ვერბალური აგრესიის და მისი სამხედრო ჰოსპიტალიდან N12 დაწესებულებაში გადაყვანისას მაჯის საათის ჩამორთმევის ფაქტებზე.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმე საჭიროებს კომპლექსურ და სრულყოფილ გამოძიებას და ამ მიზნით, 2021 წლის 29 ნოემბერს, საქმეზე პროკურორის მიერ გაცემულ იქნა მითითება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ, რომელთა ნაწილიც ამ დრომდე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შესრულებული არ არის.

საქმეზე დანიშნულია კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის პერიოდში თუ რამდენად სათანადო სამედიცინო მომსახურება გაეწია მას; დანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზა; საქმეზე გამოთხოვილ აუდიო-ვიდეოჩანაწერებზე დანიშნულია ჰაბიტოსკოპიური, ვიდეოსკოპიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები; ასევე ტრასოლოგიური ექსპერტიზა, რომლის პასუხები გამოძიებას ამ ეტაპისთვის არ მიუღია და რომლის შედეგებიც ძალიან მნიშვნელოვანია გარემოებების დასადგენად“ ,— აცხადებს პროკურატურა.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებენ, პროკურატურა გამოთქვამს მზაობას, დაცვის უფლების სრულყოფილად უზრუნველყოფისთვის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველ ადვოკატებს მიეცეთ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა.

სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თხოვნით ადვოკატებმა პროკურატურას რამდენიმე დღის წინ მიმართეს.

ნახეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი