მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თხოვნით მისმა ადვოკატებმა პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.
როგორც სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, ისინი ითხოვენ სააკაშვილის არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლად ცნობას.
„პირველ რიგში, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სრული წვდომა გვქონდეს გამოძების ყველა მასალაზე, რაც არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. ჩვენ სახელმწიფო ინსპექტორთან გვაქვს მასალების გაცვლა-გამოცვლა, თუმცა არსებობს მასალები, რომელზეც ხელი არ მიგვიწვდება.
პირველ რიგში, ეს არის ამ არაჰუმანური და არააადამიანური მოპყრობის, წამების, ამსახველი მთელი ვიდეომასალა, სრული მარშრუტი: ჩასმა, გადმოყვანა, გზაში რა ხდებოდა და ა.შ. ასევე მოვუწოდებ სახელწმიფო ინსპექტორსა და სახალხო დამცველს, აღნიშნულთან დაკავშირებით დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. სასურველი იქნება, საჯაროდ“, – განაცხადა გვარამიამ.
გვარამიას თქმით, არ აქვთ ილუზია, რომ სააკაშვილს დაზარალებულად ცნობენ და ამიტომ სახელმწიფო ინსპექტორს მოუწოდებენ, გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული ვიდეომასალა, რადგან ამაზე სააკაშვილის თანხმობა არსებობს.
გვარამიას თქმით, ისინი ასევე ითხოვენ საექსპერტო კვლვევას, რომელსაც პარიტეტულ საფუძველზე შექმნილი კომისია ჩაატარებს.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი ორი ვიდეო 11 ნოემბერს გაავრცელა.
პირველ ვიდეოში ჩანს მიხეილ სააკაშვილის იძულებითი გადაყვანის კადრები. ვიდეოს ხმა არ აქვს და, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.
მეორე ვიდეო ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. კადრებში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროებისთვის იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
გარდა ამისა, უწყებებს დაევალათ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“, ასევე, ოფიციალური ვებგვერდებიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერებისა და აუდიო-ვიდეოჩანაწერის წაშლა
თუმცა 17 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.
კერძოდ, საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სრულად გააუქმა.
აღნიშნულს წინ უძღოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 11 იანვრის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ, ასევე, სრულად გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ.