ახალი ამბები

ომიკრონს ნუ გავუშინაურდებით, არ ვიცით, როგორ მოიქცევა ხანდაზმულ პოპულაციაში — იმნაძე

19 იანვარი, 2022 • 2430
ომიკრონს ნუ გავუშინაურდებით, არ ვიცით, როგორ მოიქცევა ხანდაზმულ პოპულაციაში — იმნაძე

„ჩვენ არ ვიცით, რა შედეგებს მივიღებთ ომიკრონისგან უფროს თაობაში“, — განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.

„ომიკრონს ნუ გავუშინაურდებით. ბევრი დარწმუნდა, რომ მსუბუქად მიდის, მაგრამ მსუბუქად მიდის იმიტომ, რომ ძირითადად შეხვდა ან ახალგაზრდებს, ან აცრილებს. ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ მოიქცევა ხანდაზმულ პოპულაციაში, რომელიც აუცრელია. სამხრეთ აფრიკაში გამოქვეყნდა გარკვეული მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ T ლიმფოციტების სისტემაზე ურტყამს ომიკრონი. ეს არის უჯრედული იმუნიტეტის სისტემა, რომელზეც ვლაპარაკობთ და ამან შესაძლოა, უფრო გვიანი უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. ამიტომ, თავი დავიცვათ ომიკრონისგან, ისევე, როგორც ვიცავდით დელტასგან. ნუ გვექნება ბუნებრივი იმუნიტეტის იმედი და ავიცრათ, დავიბუსტოთ დროულად, ვატაროთ პირბადე“, — განაცხადა პაატა იმნაძემ “პალიტრანიუსის“ ეთერში.

ფაქტს, რომ ომიკრონი საქართველოში ძირითადად ახალგაზრდებს და ვაქცინირებულებს შეხვდა, პაატა იმნაძე იმით ხსნის, რომ ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მოგზაურობდნენ და ქვეყანაში ახალი შტამი შემოიტანეს.

„მონაცემების მიხედვით, სადაც ზუსტად ვიცით, რომ „ომიკრონია“, დაახლოებით ნახევარი იყო ორჯერადად აცრილი, 15% იყო, ვისაც გადატანილი ჰქონდა კორონავირუსის სხვა ვარიანტები. მხოლოდ რამდენიმე იყო ისეთი, ვისაც „ბუსტერიც“ ჰქონდა გაკეთებული. ასე რომ, „ომიკრონი“ არ აქცევს ყურადღებას არც გადატანას, არც აცრის სტატუსს,  ომიკრონით ინფიცირებულები ძირითადად იყვნენ ახალგაზრდები და მსუბუქად გადაიტანეს. მე მეშინია, ეს შტამი როდესაც გავრცელდება მასობრივად და ჩემი ასაკის და უფროსი თაობის აუცრელ ადამიანებს შეხვდება“,  — განაცხადა პაატა იმნაძემ.

იმნაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები კორონავირუსის ომიკრონის შტამით ინფიცირებისგან ნაკლებად იცავენ, ორჯერ აცრა „ომიკრონის“ შემთხვევაში სიკვდილისგან 9-ჯერ მეტად იცავს, ხოლო „ბუსტერი“ — 40-ჯერ მეტად.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი