ახალი ამბები

მდინარე იორდანესთან საქართველოს მიწა გადაეცა – ღარიბაშვილი

19 იანვარი, 2022 • 1350
მდინარე იორდანესთან საქართველოს მიწა გადაეცა – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იორდანიაში, მდინარე იორდანესთან საქართველოს გადაეცემა მიწის ნაკვეთი, სადაც ქართული კულტურის ცენტრის აშენება იგეგმება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა სამების ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იორდანიის მეფემ და პრინცმა მიიღეს:

“შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ ისტორიული მოვლენის მონაწილენი ვართ. მისი უდიდებულესობა იორდანიის მეფის, აბდულა მეორისა და მისი უმაღლესობა პრინც ღაზის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. პატრიარქის კურთხევით, აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი.

300 წლის შემდეგ, საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე. ყველა ქართველისთვის სასიხარულოა ეს მოვლენა. შესაძლებელი გახდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად. ფასდაუდებელი იყო ჩვენი ძვირფასი პატრიარქის, მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჩართულობა, მისი დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი. ერისა და ბერის ასეთი ერთიანობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების უმთავრესი წინაპირობა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

აღნიშნული მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ 2018 წელს “ქართული ოცნების” წევრი, ზაქარია ქუცნაშვილიც საუბრობდა. ის ამბობდა, რომ იორდანიის სამეფო მზად იყო, მდინარე იორდანიის ნაპირზე საქართველოსთვის მიწა ეჩუქებინა, სადაც მართლმადიდებლური ეკლესიის აშენება იქნებოდა შესაძლებელი.

გარეკანის ფოტო: კადრი “პირველი არხის” ეთერიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი