ახალი ამბები

„ბენტლის“ საქმე

22 თებერვალი, 2010 • 2583
„ბენტლის“ საქმე

“ბათუმელებმა” შინაგან საქმეთა სამინისტროს 2009 წლის 11 დეკემბერს ოფიციალური წერილი მისწერა. რედაქცია ორ კითხვაზე ითხოვდა პასუხს: ავტომანქანა “ბენტლი” სახელმწიფო ნომრით _ OOC 006 იყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსი _ ალექსანდრე გოგლიძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს რა მარკის ავტომობილით სარგებლობდა.

სამინისტრომ “ბათუმელების” შეკითხვებს არ უპასუხა, ამიტომ ადმინისტრაციული საჩივარი იმავე უწყებაში, მინისტრ ვანო მერაბიშვილის სახელზე გაიგზავნა. საჯარო ინფორმაციაზე პასუხი ადმინისტრაციული წერილის შეტანიდან ათ დღეში მოგვაწოდეს. სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე – ზვიად თავართქილაძე აწერს, ნათქვამია, რომ ალექსანდრე გოგლიძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სარგებლობს “ბმვ”-ს მარკის ავტომობილით. ხოლო ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით _ OOC 006 შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არ ირიცხება.

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სამართალდამცავებმა ორი ძვირადღირებული ავტომანქანა _ “ბენტლი” და “ნისან-ნავარა” ირლანდიის მოქალაქე დიმო ცხონდიას 4 აგვისტოს ჩამოართვეს. ცხონდიას განმარტებით, მას და მის თანმხლებ პირებს ლაშა ჭუაძესა და გოჩა ზურაბიანს, რომლებსაც ეს ავტომანქანები უყიდა, განუმარტეს, რომ ავტომანქანები მოპარული იყო.

აჭარის პროკურატურა ჯერ კიდევ ავტომანქანების შეძენის კანონიერებას სწავლობს, ცხონდია კი, რომელიც თავს დაზარალებულად მიიჩნევს, ავტომანქანების დაბრუნებას უშედეგოდ ცდილობს. დიმო ცხონდია “ბათუმელებთან” აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა ყველა ის დოკუმენტი წაიღეს, რითაც ქალაქ სოფიაში მანქანების შეძენის ნამდვილობა დასტურდება. მისთვის არც მანქანების ჩხრეკის და ჩამორთმევის ოქმები მიუციათ. ერთადერთი მტკიცებულება, რითაც დგინდება, რომ კუდ-ის აჭარის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლაშა ჭუაძესა და გოჩა ზურაბიანს ავტომანქანები ნამდვილად ჩამოართვეს, აჭარის პროკურორის მოადგილის _ ალექსანდრე ჭაბუკიანის ოფიციალური წერილია:

“სისხლის სამართლის საქმეები ¹089090074 და ¹089090075, რომელიც ეხება ლაშა ჭუაძისაგან და გოჩა ზურაბიანისაგან ავტომანქანების: “ნისან-ნავარასა” და “ბენტლის” ამოღებას. გაცნობებთ, რომ საქმეზე სრულდება ყველა საჭირო და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება ავტომანქანების წარმომავლობის კანონიერების დასადგენად”.

დიმო ცხონდიამ “ბათუმელებს” უთხრა, რომ “ბენტლით”, რომელშიც 50 ათასი ევრო გადაიხადა, ქვემო ქართლში სოდ-ის უფროსი, ალექსანდრე გოგლიძე გადაადგილდება. სამკვირიანი ძიების შემდეგ გორის სამხარეო პოლიციის შენობის წინ “ბათუმელებმა” “ბენტლი” მართლაც დააფიქსირა.

არც ალექსანდრე გოგლიძეს და არც მის ოჯახის რომელიმე წევრს 2009 წლის ქონებრივ დეკლარაციაში “ბენტლის” მარკის ავტომობილი საკუთრებაში არა აქვთ მითითებული. კითხვაზე, ვისია “ბენტლი” _ სახელმწიფოს თუ გოგლიძის, გოგლიძის მეუღლე – ნინო გოგლიძე ამბობს, რომ “ეს მას (ალექსანდრე გოგლიძეს) უნდა ვკითხოთ”. თუმცა გოგლიძესთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.

სამართალდამცავების მხრიდან ჩამორთმეული ტრანსპორტის გამოყენების შესახებ “გაზეთი ბათუმელები” 2006 წლის მარტშიც წერდა. მაშინ “ბათუმელთან” მიშა გაგოშიძემ განაცხადა, რომ მას ავტომანქანა “ტოიოტა-ლენდკრუიზერი” 2005 წლის 5 ნოემბერს “ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მანქანის განბაჟება-რეგისტრაციის” ბრალდებით ჩამოართვეს. გაგოშიძემ თავისი მანქანა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ალანიას დაკავების ოპერაციის ტელევიზიით გადაცემულ სიუჟეტში ამოიცნო. მისი მანქანით სპეცრაზმი გადაადგილდებოდა. ბიზნესმენმა მაშინ თქვა, რომ პოლიციელებმა მას “უკანონოდ” შეძენილი მანქანის ჩუქება სთხოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი