ახალი ამბები

ვინც თვლის, რომ მთელი ოპოზიციის დღის წესრიგი მხოლოდ სააკაშვილი უნდა იყოს, ის ოპოზიციასა და ქვეყანას აზიანებს – სამნიძე

18 იანვარი, 2022 • 1560
ვინც თვლის, რომ მთელი ოპოზიციის დღის წესრიგი მხოლოდ სააკაშვილი უნდა იყოს, ის ოპოზიციასა და ქვეყანას აზიანებს – სამნიძე

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის თქმით, ვინც თვლის, რომ მთელი ოპოზიციის დღის წესრიგი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი უნდა იყოს, ნებსით თუ უნებლიეთ, ის ზიანს აყენებს ოპოზიციასა და ქვეყანას.

ამის შესახებ სამნიძემ ენმ-ის წევრ ნონა მამულაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. მამულაშვილის თქმით, სააკაშვილის გათავისუფლება ოპოზიციის ნომერი პირველი მიზანი უნდა ყოფილიყო.

„ვინც ოპოზიციაში თვლის, რომ ოპოზიციის ერთიანობა განპირობებულია მხოლოდ იმით, გვაქვს თუ არა დღის წესრიგში მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საკითხი, აზიანებს ზოგადად ოპოზიციურ საქმიანობას ამ ქვეყანაში და, ნებსით თუ უნებლიეთ, ზიანს აყენებს ქვეყანას. ოპოზიციას შეუძლია თემატურ საკითხებზე თანამშრომლობა, ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრის დღის წესრიგი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მისი თქმით, როგორი იქნება ქვეყნის განვითარება, დამოკიდებულია იმაზე, იქნება თუ არა ოპოზიციის მუშაობა სრულფასოვანი პარლამენტში. ამიტომ გადამწყვეტი იქნება, განაახლებს თუ არა ენმ პარლამენტში მუშაობას.

„ვფიქრობ, რომ 2021 წელი იყო შესაძლებლობების წელი, რომელიც ხელიდან გავუშვით, შესაძლებელი იყო რამდენიმე საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ხმები არ ეყო, შეიძლებოდა ზოგიერთ რთულ ვითარებაში რიგგარეშე სესიის მოწვევა, რასაც ასევე ხმები არ ეყო. ხაზს გავუსვამ, რომ ოპოზიციის სრულფასოვნად მუშაობა გააძლიერებს ამ მიმართულებით ოპოზიციას და არ იქნება განცდა, რომ ოპოზიცია სუსტია ამ ქვეყანაში. ოპოზიცია სუსტი არ არის. ოპოზიციას სჭირდება კოორდინირება და ნაბიჯების ერთად გადადგმა“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ენმ-ის წევრმა ნონა მამულაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით ოპოზიციის ლუსტრაციაც მოხდა და რეალურად გამოჩნდა, ვინ რისთვის იბრძვის.

„მოხდა ლუსტრაცია იმის, რომ აღმოჩნდა, რომ თურმე ყველა არ ვიბრძვით ერთი და იგივე იდეისთვის. არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ზუსტად ის ხედვა, რაც საქართველოს პროდასავლურ გზაზე წაიყვანდა, რაც მოახდენდა პროცესების უფრო აქტიურად წინ წასვლას.

რაც მიხეილ სააკაშვილის თემას ეხება, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის თემამ ძალიან დიდი განხეთქილება შემოიტანა ასევე ოპოზიციურ სპექტრში“, – განაცხადა მამულაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი