ახალი ამბები

ბრიტანეთმა დაიწყო უკრაინის მომარაგება ტანკსაწინააღმდეგო იარაღით

18 იანვარი, 2022 • 1695
ბრიტანეთმა დაიწყო უკრაინის მომარაგება ტანკსაწინააღმდეგო იარაღით

რუსეთის მიერ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმის რისკის ფონზე, გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის თავდაცვითი, ტანკსაწინააღმდეგო იარაღით მომარაგება დაიწყო.

ორშაბათს, 17 იანვარს, ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას, თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა „მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას მიაწოდოს მსუბუქი თავდაცვითი ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღის სისტემები“.

ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის თანახმადვე, იარაღის პირველი პარტია უკრაინაში ორშაბათს ჩავიდა. ამასთან, მისი თქმით, ბრიტანელთა მცირერიცხოვანი პერსონალი ჩაატრებს მოკლევადიან წვრთნას.

Al Jazeera-ს თანახმად, მას არ დაუზუსტებია, რა რაოდენობის და კონკრეტულად რა ტიპის იარაღი იგზავნება უკრაინაში, თუმცა განაცხადა, რომ „ეს არ არის სტრატეგიული იარაღი და არანაირ საფრთხეს არ შეიცავს რუსეთისთვის. ეს იარაღი გამოყენებულ უნდა იქნას თავდაცვისათვის“.

კანადური რაზმი კიევში — მედია

ამასთან, კანადაში, ტელევიზია Global News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოტავამ უკრაინაში სპეციალური ძალების მცირე რაზმი გაგზავნა.

ტელეარხმა, რომელსაც კონკრეტული წყაროები არ დაუსახელებია, გამოაცხადა, რომ  უკრაინის მთავრობის დახმარების მიზნით რაზმი შეიმუშავებს ევაკუაციის გეგმას კანადელი დიპლომატებისათვის, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში.

კანადის სპეციალური საოპერაციო ძალების შტაბის სპიკერმა განაცხადა, რომ ვერ ადასტურებს ამ ინფორმაციას, მაგრამ თქვა, რომ შტაბი 2020 წლიდან პერიოდულად უჭერს მხარს უკრაინის უსაფრთხოების ძალებს ინსტრუქტაჟითა და ტრენინგებით.

ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს ორშაბათს კიევში შეხვდა. შეხვედრის მიზანი „რუსეთის მიერ აგრესიული ქმედებების შეკავების მცდელობების განხილვა“ იყო.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გასულ კვირას უარყო შეერთებული შტატების ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მოსკოვი საფუძველს ამზადებს უკრაინაში შეჭრისთვის.

მოსკოვი, მიუხედავად იმისა, რომ 100 000 ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან, უარყოფს უკრაინაზე თავდასხმის გეგმებს. მოსკოვში აცხადებენ, რომ სამხედრო რეაგირება ექნებათ, თუკი დასავლეთი არ დაეთანხმება გარკვეული მოთხოვნების ჩამონათვალს, მათ შორის კიევის ნატოში გაწევრიანების აკრძალვას.

ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას რუსეთი ეგზისტენციალურ საფრთხედ განიხილავს.

თუმცა ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები უარს აცხადებენ მოსკოვის მოთხოვნების შესრულებაზე. გასულ კვირას რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებები და მასთან დაკავშირებული ნატო-რუსეთის შეხვედრა ბრიუსელში შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ამის შემდეგ კიევმა დასავლეთის ქვეყნებს სთხოვა, მიაწოდონ იარაღი, რათა თავდაცვა მოახერხონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი