ახალი ამბები

თბილისსა და გონიოში ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა გვაქვს – ღარიბაშვილი

17 იანვარი, 2022 • 1435
თბილისსა და გონიოში ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა გვაქვს  – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა საქართველოში ორი ფინანსური ცენტრის შექმნას თბილისსა და გონიოში გეგმავს. ამის შესახებ მან დღეს, 17 იანვარს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფინანსური ზონები ორიენტირებული იქნება ისეთ საერთაშორისო ფინანსურ კომპანიებზე, რომლებიც ოპერირებენ აქტივების მართვის, სასაქონლო ტრეიდინგის, კაპიტალის მართვის და სხვა დარგებში.

„გვაქვს ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა, ერთი – შეიქმნას თბილისის ფინანსური ცენტრი თბილისის ზღვასთან, სავარაუდოდ, 110 ჰექტარი მიწის ფართობზე განთავსდება ჩვენი სურვილისამებერ და ქვეყნის და რეგიონის გამორჩეული საქმიანი ცენტრი გახდეს აღნიშნული ადგილი. ანალოგიურის ჩამოყალიბება იგეგმება აჭარაში, გონიოს ტერიტორიაზე. გონიოში ჩვენ უფრო მულტიფუნქციური ცენტრის შექმნას ვგეგმავთ. ამის თაობაზე ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა და აქვე გვინდა, რომ შევქმნათ ფინანსური ცენტრი.

სპეციალური ფინანსური ზონები საერთაშორისო კომპანიებს შესთავაზებენ საერთო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ რეჟიმს, ასევე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ლიბერალურ, რეგულატორულ და ფისკალურ რეჟიმებს. რაც მთავარია, ფინანსურ ზონებში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, რაც მათ განსაკუთრებული პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას მისცემს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი