ახალი ამბები

ჯოკოვიჩი ავსტრალიიდან გააძევეს

16 იანვარი, 2022 • 1867
ჯოკოვიჩი ავსტრალიიდან გააძევეს

ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიიდან გააძევეს. აღნიშნულს წინ უძღოდა სასამართლო პროცესი, რომელზეც უნდა გადაეწყვიტათ, რამდენად მართლზომიერი იყო აუცრელი სპორტსმენის დარჩენა ქვეყანაში. ჯოკოვიჩმა აღნიშნული საქმე წააგო.

ჩოგბურთელმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ავსტრალიის ემიგრაციის მინისტრმა მისი ვიზა “ჯანმრთელობისა და წესრიგის” მოტივებით გააუქმა. მან მიიჩნია, რომ ჯოკოვიჩის ქვეყანაში დარჩენა ვაქცინაციის საწინააღმდეგო სენტიმენტს გააღვივებდა.

BBC-ის თანახმად, სასამართლო პროცესზე ჯოკოვიჩის ადვოკატები წარუმატებლად შეეცადნენ იმის დამტკიცებას, რომ მიზეზები, რომელთა გამოც მთავრობამ ჩოგბურთელს ვიზა გაუუქმა, “არასწორი და არალოგიკურია”.

მას შემდეგ, რაც სარჩელი არ დაუკმაყოფილეს, ჯოკოვიჩმა თქვა, რომ იმედგაცრუებულია, თუმცა გადაწყვეტილებას ემორჩილება. მან ავსტრალია უკვე დატოვა და დუბაიში გაფრინდა.

სერბი ჩოგბურთელი ავსტრალიაში, ღია პირველობაზე სათამაშოდ, 5 იანვარს ჩავიდა. მას სამედიცინო ექსპერტთა ორმა დამოუკიდებელმა ჯგუფმა დართო ნება, გამონაკლისის წესით შესულიყო ავსტრალიაში მას შემდეგ, რაც დეკემბრის შუა რიცხვებში კორონავირუსი გადაიტანა.

მიუხედავად ამისა, ავსტრალიელმა მესაზღვრეებმა ის 5 იანვარსვე დააკავეს კორონავირუსის პირობებში ავსტრალიაში ამოქმედებულ რეგულაციებთან შეუთავსებლობის გამო.

ამ პერიოდში ავსტრალიის მთავრობამ ჯოკოვიჩს ვიზა ორჯერ გაუუქმა. თავდაპირველი გადაწყვეტილება სხვა მოსამართლემ ბათილად ცნო, თუმცა გასულ პარასკევს ჩოგბურთელის ვიზა კვლავ გააუქმეს. მთავრობის თქმით, აღნიშნული ნაბიჯი საჯარო ინტერესში შედიოდა.

ავსტრალიის მთავრობა არაერთგზის აღნიშნავდა, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა.

ავსტრალიაში დღესდღეობით მკაცრი კოვიდ შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორის, ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი