ახალი ამბები

გართულებული ეპიდვითარების გამო ჩცდ-ს გადაღებები შეჩერდა

15 იანვარი, 2022 •
გართულებული ეპიდვითარების გამო ჩცდ-ს გადაღებები შეჩერდა

გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” გადაღებები დროებით შეჩერდა. განცხადება სერიალის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა.

“დამძიმებული ეპიდვითარების გამო, “ჩემი ცოლის დაქალების” გადაღებები დროებით შეჩერებულია. სერიების ეთერში გასვლის თარიღს მალე შეგატყობინებთ. გისურვებთ ჯანმრთელობას”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

“ჩემი ცოლის დაქალების” ერთ-ერთმა პროდიუსერმა ირაკლი საღინაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ეთერში არ გავა არც 15 იანვრის ეპიზოდი, რომლის პრომოც გასულ კვირას გავრცელდა. ეპიდვითარების გამო, სერიის გადაღება ვერ მოესწრო.

“ვერ მოვახერხეთ გადაღება, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი იყო კონტაქტი და მათ შორის იყვნენ დაინფიცირებულებიც”, — აღნიშნა მან.

საქართველოში ეპიდვითარება 2022 წლის იანვრის დასაწყისში გაუარესდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ს თანახმად, ამავე პერიოდში 30 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსის 5 381 ახალი შემთხვევა და 30 გარდაცვლილი — 15 იანვარი

მასალების გადაბეჭდვის წესი