ადამიანთა ნაწილი ფეისბუკზე წერს, რომ მათ აქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაგრამ ე.წ. სწრაფი ტესტი ვირუსის არსებობას არ ადასტურებს.
როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში და არის თუ არა შანსი, რომ ე.წ. სწრაფი ტესტი ვერ ახერხებდეს ომიკრონ ვარიანტის აღმოჩენას? ნეტგაზეთმა ამასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს.
„100%-იანი სიზუსტის მედიცინაში არაფერი გახლავთ. მეტი ალბათობაა, რომ PCR ტესტთან შედარებით, ე.წ. სწრაფმა ტესტმა ვერ დაიჭიროს კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტი.
ამიტომ, ასეთი ფართო გავრცელების დროს, თუ სიმპტომები გამოხატულია და „სწრაფი ტესტით“ ვირუსზე პასუხი უარყოფითია, პაციენტი უნდა მოიქცეს, როგორც კოვიდინფიცირებული, ანუ საჭიროა იზოლაცია, დაკვირვება, ექიმთან კონტაქტი და მის რჩევებზე მიყოლა“ ,— უთხრა ამირან გამყრელიძემ ნეტგაზეთს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ 17 იანვრიდან საქართველოში შემცირდება კოვიდინფიცირებულთა იზოლაციისა და კარანტინში ყოფნის ვადები.