ახალი ამბები

საქართველოში რუსეთის ყოფნა ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ პრინციპებს – კარპენტერი

14 იანვარი, 2022 • 1439
საქართველოში რუსეთის ყოფნა ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ პრინციპებს – კარპენტერი

ეუთოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, მაიკლ კარპენტერის განცხადებით, „რუსეთის არასასურველი სამხედრო ყოფნა საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიაზე ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ პრინციპებს“.

კარპენტერმა ეს განცხადება 13 იანვარს ვენაში, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, გააკეთა.

“ჩვენ უნდა გვქონდეს მნიშვნელოვანი დისკუსია იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია, რათა შევამციროთ ხიფათი და გავაძლიეროთ ნდობა. და ჩვენ ვართ მზად, დავიწყოთ ამ მიმართულებით მუშაობა“, – განაცხადა კარპენტერმა.

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომა ამ კვირაში არის მესამე საერთაშორისო პოლიტიკური შეხვედრა, სადაც დასავლეთისა და რუსეთის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების საკითხები, უფრო კონკრეტულად კი უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის ირგვლივ მიმდინარე პროცესები განიხილეს.

ნატო-რუსეთის მოლაპარაკებების დროს, ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა კვლავ დააყენა ნატოს გაფართოების შეჩერებისა და აღმოსავლეთ ევროპიდან ძალების გაყვანის შესახებ. თუმცა ,მისი თქმით, ნატოს ქვეყნების წარმომადგენლებმა, რუსეთის მოთხოვნის მიუხედავად, კვლავ შეინარჩუნეს „ღია კარის“ პოლიტიკა, რაც ალიანსში ახალი წევრების შესაძლო მიღების მზაობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი