ახალი ამბები

რუსებმა ე.წ. ფილტრაციის ცენტრებში რამდენიმე ათასი უკრაინელი გაგზავნეს — კარპენტერი

13 მაისი, 2022 • 980
რუსებმა ე.წ. ფილტრაციის ცენტრებში რამდენიმე ათასი უკრაინელი გაგზავნეს — კარპენტერი

ეუთოში აშშ-iის ელჩი მაიკლ კარპენტერი აცხადებს, რომ რუსებმა ე.წ. ფილტრაციის ცენტრებში რამდენიმე ათასი უკრაინელი გაგზავნეს, ათიათასობით ადამიანი კი რუსეთში გადაიყვანეს. ამის შესახებ მან 12 მაისს განაცხადა.

მაიკლ კარპენტერის თქმით, იძულებითი გადაადგილება და ძალადობა, რომელსაც უკრაინელები აწყდებიან „ფილტრაციის ცენტრებში“,  ომის დანაშაულია.

„თვითმხილველთა მრავალრიცხოვანი ჩვენებები მიუთითებს, რომ „გაფილტვრა“ გულისხმობს ადამიანების ცემას და წამებას, რათა დადგინდეს, არიან თუ არა ისინი ოდნავ მაინც უკრაინის მოკავშირეები“, — განაცხადა კარპენტერმა.

კარპენტერის თქმით, დაზარალებულებმა აღწერეს „აგრესიული და დამამცირებელი“ შემოწმების პროცესი აღნიშნულ  ცენტრებში.

რუსი ჯარისკაცები მსხვერპლს სხვადასხვა კუთხიდან ფოტოებს უღებენ, მათ თითის ანაბეჭდებს იღებენ და ფიზიკურად ათვალიერებენ, აქვთ თუ არა ტატუ. ამოწმებენ მათ ტელეფონებს, იწერენ მათ კონტაქტებსა და მონაცემებს. ზოგიერთ შემთხვაში კი რუსმა ჯარისკაცებმა საერთოდ ჩამოართვეს პასპორტები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მობილური ტელეფონები“, — განაცხადა კარპენტერმა.

მისი თქმით, ზოგიერთი უკრაინელი, რომელიც რუსეთში გადაიყვანეს, აცხადებს, რომ  უფლება მისცეს, რუსეთში მცხოვრებ მეგობრებთან და ოჯახთან დარჩენილიყო, მაგრამ  ფულის ან საბუთების გარეშე დარჩენილ ადამიანებს მატარებლებში ათავსებენ და ასობით კილომეტრის მოშორებით ქალაქებში აგზავნიან.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა. მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. მათ შორისაა მარიუპოლი, რომელიც რუსების ალყაში იმყოფება.

უკრაინის მთავრობისა და მარიუპოლის ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ომის დაწყების შემდეგ ათიათასობით უკრაინის მოქალაქე იძულებით იქნა დეპორტირებული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და რუსეთში.

მასალების გადაბეჭდვის წესი