ახალი ამბები

გამყრელიძე: ომიკრონის შესწავლილი შემთხვევების 16%-ში რეინფიცირებაა

13 იანვარი, 2022 • 1763
გამყრელიძე: ომიკრონის შესწავლილი შემთხვევების 16%-ში რეინფიცირებაა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ამჟამად ქვეყანაში ოფიციალურად დადასტურებულია ომიკრონის შტამის 1009 შემთხვევა. ამის შესახებ NCDC-ს დირექტორმა „რუსთავი 2-ს“ განუცხადა.

როგორც ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში გამყრელიძე აღნიშნავს, ლაბორატორიებს მიეცათ მითითება, ამ შტამზე საეჭვო ნიმუშები ლუგარის ცენტრს შერჩევითად გაუგზავნონ:

„1009 არის დადასტურებული, მაგრამ ჩვენ უკვე ლაბორატორიებს მივეცით მითითება, რომ შერჩევითად გამოგზავნონ უკვე საეჭვო შემთხვევები. დაახლოებით აგზავნიან საერთო შემთხვევების 10%-დან 20%-მდე. უკვე იმდენად მაღალია საეჭვო შემთხვევების რაოდენობა და ის მერყეობს უკვე იმ ნიშნებით, რომ ჩვენ ეჭვი შეგვაქვს, შეიძლება თუ არა ეს იყოს „ომიკრონი“, ამ ტიპის შემთხვევების რაოდენობა ლაბორატორიულად საერთო დიაგნოსტირებულებში უკვე 60%-ს ასცდა“, – ამბობს ამირან გამყრელიძე „რუსთავი 2-თან“.

მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გათვლებით, ამჟამად ქვეყანაში ომიკრონი ფიქსირდება საერთო შემთხვევების 45%-ში, კვირის ბოლოს კი ელოდებიან, რომ ეს მაჩვენებელი 60%-მდე გაიზრდება.

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დადასტურებული 1009 შემთხვევიდან დეტალურად შესწავლილია 777 შემთხვევა, რომელთა 16%-ში რეინფიცირება დასტურდება:

„სადღაც 16%-ის ფარგლებში გვაქვს რეინფიცირება. 16%-ს რომ გეუბნებით, ესენი დადასტურებული შემთხვევებია. 16% რომ არის ლაბორატორიულად დადასტურებული, იქიდან ეპიდემიოლოგიურად რომ შეისწავლეს, ყველა 1009 არ არის შესწავლილი, შესწავლილი 777 შემთხვევაა დეტალურად და ამ ეტაპზე აქედან 16% არის რეინფიცირება“, – ამბობს გამყრელიძე „რუსთავი 2-თან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი