ახალი ამბები

ჰოსპიტალთან ერთი ძაღლი იყო და მე მახშობდა… ყველას სხვადასხვა ფუნქცია აქვს ცხოვრებაში — სააკაშვილი

13 იანვარი, 2022 •
ჰოსპიტალთან ერთი ძაღლი იყო და მე მახშობდა… ყველას სხვადასხვა ფუნქცია აქვს ცხოვრებაში — სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ, 13 იანვრის სასამართლო პროცესზე გორის ჰოსპიტალთან მყოფი მიუსაფარი ძაღლები გაიხსენა და თქვა, რომ ეს ძაღლები სწორედ მაშინ იწყებდნენ ყეფას, როდესაც მასთან შეხვედრიდან გამოსული პირები განცხადებას აკეთებდნენ.

მისი თქმით, ცხოვრებაში ამ ძაღლების მსგავსად ყველას თავისი ფუნქცია აქვს.

„მე არ ვიცი, რამ გამახსენა, რატომღაც გამახსენდა და არავის არ ვგულისხმობ, გორის ჰოსპიტალთან იყო რამდენიმე უპატრონო ძაღლი და რამდენი გავიდოდა ჩემგან დეპუტატი, ადვოკატი ან ვიღაცა და აკეთებდა განცხადებებს, ერთი ძაღლი იყო, ძალიან საყვარელი ცუგა, ყოველთვის შედიოდა კადრში. ისინი იწყებდნენ განცხადებებს და ეს იწყებდა ყეფას. ეს იყო მისი ცხოვრებისეული ფუნქცია, რომ არ მიეცა საშუალება და მე რომ გადავძახე, ახალი წელი რომ მომილოცეს, იქაც იდგა და მახშობდა მე.

ნუ, ყველას სხვადასხვა ფუნქცია აქვს ცხოვრებაში და არავინ არ მინდა, თავის თავზე მიიღოს, ვინ არის ეს ცუგა კონკრეტულად. იმიტომ, რომ ის სიმპათიური ცუგა იყო. არსებობენ ცუდი ქუჩის ძაღლები“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილს არ დაუკონკრეტებია, ვის ეხებოდა მისი ეს განცხადება. თუმცა მიხეილ სააკაშვილი თავის სასამართლო პროცესზე საუბრობდა ქვეყანაში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და მას სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა როგორც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმე, ისე პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. მათ სააკაშვილს იმ საქმეზე საუბრისკენ მოუწოდეს, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლო პროცესი იმართება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების თქმით, ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი საუბრობს იმ მოტივაციაზე, თუ რატომ ჩამოვიდა საქართველოში.


მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს ბოლოს დაესწრო ერთი თვის წინ, 2021 წლის 2 დეკემბერს . ამის შემდეგ სხვადასხვა საქმეზე რამდენიმე სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრებოდა.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია და პატიმრობაში იმყოფება სამი პირი: მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები და ელგუჯა ცომაია.

სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა. შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 30 დეკემბრამდე იყო, შემდეგ კი პენიტენციურმა სამსახურმა ის კვლავ რუსთავის ციხეში გადაიყვანა.

რა საქმეების გამო ემუქრება პატიმრობა სააკაშვილს – მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი