თბილისის წიგნის ოცდამეოთხე საერთაშორისო ფესტივალი ფიზიკური სახით გაიმართება. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის განცხადებით, ფესტივალს ექსპო ჯორჯია 26-29 მაისს უმასპინძლებს.
კოვიდ პანდემიის გამო, 2020 წლის თბილისის წიგნის ოცდამეორე ფესტივალი პირველად ჩატარდა ონლაინ ფორმატში. 2021 წელს კი არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა შეიმუშავა უსაფრთხოების საგანგებო პროტოკოლი და შეძლო ფესტივალის ჩატარება ფიზიკური სახით.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ფესტივალია.
ფესტივალის მიზანია საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზება, ახალი კონტაქტების დამყარება, წიგნის ბაზრის რეგიონალიზაცია და, ზოგადად, საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.