ახალი ამბები

დავალიანების გამო გაერო 8 წევრ სახელმწიფოს ხმის მიცემის უფლებას უჩერებს

13 იანვარი, 2022 •
დავალიანების გამო გაერო  8 წევრ სახელმწიფოს ხმის მიცემის უფლებას უჩერებს

გაეროს ბიუჯეტში ყოველწლიური შენატანის გადაუხდელობის გამო ორგანიზაცია 8 წევრ სახელმწიფოს გენერალურ ასამბლეაზე ხმის მიცემის უფლებას უჩერებს.

აღნიშნული ქვეყნებია: ირანი, ვენესუელა, სუდანი, ანტიგუა და ბარბუდა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, გვინეა, პაპუა-ახალი გვინეა და ვანუატუ.

საერთო ჯამში, გაეროში დავალიანება 11 ქვეყანას აქვს.

გაეროს წესდების თანახმად, წევრები, რომელთა დავალიანება უტოლდება ან აღემატება წინა ორი წლის განმავლობაში მათი შენატანების ოდენობას, კარგავენ ხმის უფლებას. თუმცა, თუ ჩაითვლება, რომ ქვეყნების დავალიანება ისეთი მიზეზებით იყო განპირობებული, რომელთაც წევრი ქვეყნები ვერ „აკონტროლებენ“, მაშინ ხმის მიცემის უფლება შესაძლოა შეუნარჩუნდეთ. 2022 წელს ასეთად ჩაითვალა სამი წევრის: კომორის, სან-ტომესა და პრინსიპის და სომალის შემთხვევა, რომელთაც დავალიანების მიუხედავად, ხმის მიცემის უფლება შეუნარჩუნდათ.

გაეროს გენერალური მდივნის თანახმად, ხმის მიცემის უფლების აღსადგენად საჭირო მინიმალური გადასახადია: ირანისთვის – 18 მილიონ დოლარზე მეტი, ვენესუელისთვის დაახლოებით 40 მილიონი დოლარი, სუდანისთვის 299 044 დოლარი, დანარჩენი 5 ქვეყნისთვის- 75 000 დოლარზე ნაკლები.

ირანმა ხმის მიცემის უფლება 2021 წლის იანვარშიც დაკარგა, თუმცა ეს უფლება ივნისში მას შემდეგ დაიბრუნა, რაც მინიმალური გადასახადი გადაიხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი