ახალი ამბები

რუსეთი დასავლეთს კვლავ „აფრთხილებს“

12 იანვარი, 2022 •
რუსეთი დასავლეთს კვლავ „აფრთხილებს“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე გრუშკოს განცხადებით, რუსეთმა NATO-რუსეთის მოლაპარაკებების ფორმატში ალიანსს „პირდაპირ მიანიშნა, რომ ვითარების შემდგომმა დაძაბვამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები ევროპის უსაფრთხოებისთვის“.

„ჩვენ ძალიან გულწრფელად, პირდაპირ, პოლიტიკურად კორექტული ფორმულების გამოყენებით აღვნიშნეთ, რომ სიტუაციის შემდგომმა გაუარესებაბ, შესაძლოა, გამოიწვიოს ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე არაპროგნოზირებადი და ყველაზე საშინელი შედეგები. რუსეთი არ ეთანხმება ამ სცენარს“, – განაცხადა გრუშკომ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეხვედრის შემდეგ გრუშკომ  ასევე განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება მიუღებელ რისკებს შეიცავს და რუსეთი მას წინ აღუდგება.

ალიანსსა და რუსეთს შორის შეხვედრა ბრიუსელში დღეს გაიმართა, რომელიც 4 საათი გაგრძელდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარება განიხილეს.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-რუსეთის შეხვედრისას რუსეთმა კიდევ ერთხელ მოითხოვა დეკემბერში გაცხადებული შეთავაზებების შესრულება, ხოლო NATO-ს წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ალიანსის „ღია კარის“ პოლიტიკისადმი მხარდაჭერა.

„ეს არ ყოფილა ადვილი დისკუსია, მაგრამ სწორედ ესაა მიზეზი, თუ რატომ იყო ესოდენ მნიშვნელოვანი“, – ასე დაიწყო სტოლტენბერგმა შეხვედრის შესახებ საუბარი.

მისი განცხადებით, არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები ნატოს მოკავშირეებსა და რუსეთს შორის.

„დღეს რუსეთმა წამოჭრა ის წინადადებები, რომლებიც ეხება რუსეთის უსაფრთხოების რისკებს და რომლის შესახებაც დეკემბერში განაცხადეს. ეს მოიცავს მოთხოვნებს, რომ ნატომ შეწყვიტოს ახალი წევრების მიღება და გაიწვიოს საკუთარი ძალები აღმოსავლეთ მოკავშირეების ტერიტორიიდან.

თავის მხრივ, NATO-ს წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს „ღია კარის“ პოლიტიკისადმი და სახელმწიფოთა მიერ უსაფრთხოების პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმოების უფლებისადმი მხარდაჭერა.

მოკავშირეებმა ნათლად განაცხადეს, რომ ისინი არ შეწყვეტენ ერთმანეთის დაცვასა და მხარდაჭერას, მათ შორის ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების განლაგებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


2021 წლის ბოლოს, ოფიციალურმა მოსკოვმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოებისგან მოითხოვა, უარი თქვან ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები.

რუსეთის საგარეო უწყება ამ მოთხოვნას „ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებით“ ხსნიდა და ალიანსს სხვადასხვა პირობებს უყენებდა.

ამჟამად ჟენევაში რუსეთისა და შეერთებული შტატების დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს. თუმცა ვაშინგტონში შეხვედრისგან „დიდ გარღვევას არ ელიან“, სანამ რუსეთი უკრაინის საზღვრიდან სამხედრო ძალებს არ გაიყვანს.

ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი