ახალი ამბები

თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება — აშშ

12 იანვარი, 2022 • 1664
თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება — აშშ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ამ ქმედებას სერიოზული შედეგები მოჰყვება და მოსკოვს ეს ძვირად დაუჯდება 2014 წელთან შედარებით. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

ვენდი შერმანის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტნს სატელეფონო საუბრისას განუცხადა. ამასთან, შერმანის თქმით, იმავე შინაარსის სიტყვები თავადაც უთხრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი რიაბკოვს.

“მნიშვნელოვანია, განმეორებით ვთქვათ, რომ 2014 წელს სწორედ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. სწორედ რუსეთი განაგრძობს აღმოსავლეთ უკრაინაში ომის გაღვივებას, რამაც 14 000-მდე უკრაინელის სიცოცხლე იმსხვერპლა. და ახლაც რუსეთის ქმედებებია, რაც არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის კრიზისის განახლებას იწვევს.

ერთ ქვეყანას არ შეუძლია, ძალით შეცვალოს მეორე ქვეყნის საზღვრები, ან სხვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პირობები განაგოს, ან აუკრძალოს სხვა ქვეყანას საკუთარი ალიანსების არჩევა. ეს საერთაშორისო სისტემის ძირეული პრინციპებია, რომელსაც რუსეთი წლების განმავლობაში ბევრჯერ დათანხმებია.

ცალსახად განვაცხადეთ, რომ თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, ეს ძვირად დაუჯდება 2014 წელთან შედარებით და ამას მოჰყვება სერიოზული შედეგები. პრეზიდენტმა ბაიდენმა სწორედ ეს განუცხადა პრეზიდენტ პუტინს სატელეფონო საუბრისას და მეც ცალსახად ვუთხარი იგივე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რიაბკოვს. რუსეთს მკაფიო არჩევანი აქვს გასაკეთებელი”, – განაცხადა შერმანმა.

სერგეი რიაბკოვის და ვენდი შერმანის შეხვედრები ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ორი დღის წინ, 10 იანვარს დასრულდა. შეხვედრის შემდეგ რიაბკოვმა განმარტა, რომ შეხვედრაზე მოსკოვმა კატეგორიული პოზიცია დააფიქსირა უკრაინისა და საქართველოს ნატოში არშესვლასთან დაკავშირებით. რიაბკოვის თქმით, ამ ორი ქვეყნის ნატოში არგაწევრიანება ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, თუმცა, მისივე განმარტებით, ვაშინგტონის მხრიდან ამაზე სასურველი პასუხი ვერ მოისმინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი