ახალი ამბები

ნიადაგი გამოეცალა სპეკულაციებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა – სარჯველაძე

12 იანვარი, 2022 • 1533
ნიადაგი გამოეცალა სპეკულაციებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა – სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით  “ნიადაგი გამოეცალა სპეკულაციებს”, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ამის შესახებ სარჯველაძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, დღეს დადასტურდა, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და ავთანდილ წერეთელმა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს, სასამართლომ კი ფულის გათეთრების ბრალდების გადაკვალიფიცირებით თქვა, რომ დანაშაული არსებობს, თუმცა ერთი სახელის ნაცვლად მეორე ჰქვია.

“პროკურატურამ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით რაც დააყენა, ეს ფაქტები არის დანაშაული. პროკურატურის კვალიფიკაცია იყო, რომ ეს არის ფულის გათეთრება. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ თქვა, რომ ეს არის დანაშაული, მაგრამ ამას ჰქვია სხვა სახელი. ეს არის მოცემულობა.

თქვენი [ჟურნალისტების], მათ შორის და კიდევ ბევრი სხვა ადამიანის პოლიტიკურ სპეკულაციებს იმის თაობაზე, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე იმიტომ, რომ ოპონენტს გაუსწორდნენ და ა.შ. დღეს ყოველგვარი ნიადაგი გამოეცალა. მიზეზიც აღარ არის ამის სათქმელი”, – თქვა სარჯველაძემ.


თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფულის გათეთრების საქმეზე“  ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა.

თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.

ბრალდებულები განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში არ ესწრებოდნენ. „ლელოს“ ლიდერები — ხაზარაძე და ჯაფარიძე — გადაწყვეტილებას პარტიის ოფისში შეხვდნენ, ტვ „პირველის“ დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელი კი, ტელევიზიის ოფისში.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.

მისი თქმით, სამივე პირს ბრალდება გადაუკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე,

აღნიშნული დანაშაული გულისხმობს თაღლითობას — ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით — ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.

მოსამართლემ ასევე გააუქმა ყველა ის შეზღუდვა, რაც სამივე ბრალდებულის მიმართ პროკურატურის მოთხოვნით იყო დაწესებული — გააუქმა მათ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა, ასევე გაუქმდა მათთვის დაწესებული შეზღუდვა ქვეყნის გარეთ მოგზაურობაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი