მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რაც, მისი თქმით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანაში გამოიხატა.
პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები იყო, რატომ გადააკვალიფიცირა ფულის გათეთრების ბრალდება მოსამართლემ და ბრალდებულებს გამამტყუნებელი განაჩენი თაღლითობის მუხლით გამოუტანა, რომელიც ხანდაზმულობის გამო სასჯელს არ ითვალისწინებს.
აღნიშნულზე ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას უნდა გაეცნონ და სამართლებრივი ნიუანსები შეისწავლონ, რის შემდეგაც უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას, გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას:
„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და სამივე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასამართლომ უბრალოდ კვალიფიკაციის ნაწილში სხვა შეფასება მისცა ჩვენ მიერ წარდგენილ ბრალდებას. მივიღებთ დასაბუთებულ განაჩენს, გავეცნობით და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.
ჩვენი მტკიცებულებები რომ საკმარისი იყო ბრალდებულების გამტყუნებისათვის, ეს დადასტურდა, ვინაიდან სამივე ბრალდებული არანაკლებ მძიმე დანაშაულში იქნა დამნაშავედ ცნობილი. ჩვენ ჯერ არ მიგვიღია დასაბუთებული გადაწყვეტილება. რომ მივიღებთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და სამართლებრივ ნიუანსებს გავეცნობით, მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრებაზე“, – ამბობს პროკურორი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფულის გათეთრების საქმეზე“ ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა.
თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.
ბრალდებულები განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში არ ესწრებოდნენ. „ლელოს“ ლიდერები — ხაზარაძე და ჯაფარიძე — გადაწყვეტილებას პარტიის ოფისში შეხვდნენ, ტვ „პირველის“ დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელი კი, ტელევიზიის ოფისში.
გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.
მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავებოდა. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ფინანსურ ტრანზაქციებს. იმ პერიოდში ხაზარაძე და ჯაფარიძე “თიბისი ბანკში” საქმიანობდნენ.
გამოძიება ხსენებულ ტრანზაქციებზე მხოლოდ 10 წლის შემდეგ, 2018-ში დაიწყო. სამივე მათგანი თავიდანვე უარყოფდა ბრალდებას და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.
გამოძიების ფარგლებში მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგენილი ჰქონდათ ჯგუფურად, 16 664 000 აშშ დოლარის უკანონო ლეგალიზაციაზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
ავთანდილ წერეთელი საქმეში ბრალდებულია 16 664 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).







