ახალი ამბები

5 დღეში თბილისში ერთწლიანი ულიმიტო მგზავრობის 46 აბონემენტი გაიყიდა

11 იანვარი, 2022 •
5 დღეში თბილისში ერთწლიანი ულიმიტო მგზავრობის 46 აბონემენტი გაიყიდა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გაყიდული ულიმიტო სამგზავრო აბონემენტების ნახევარი ერთწლიან ბარათებზე მოდის. ამის შესახებ მან დღეს, 11 იანვარს, თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„სააბონემენტო სისტემა ნაწილია იმ სატრანსპორტო რეფორმის, რაც წამოვიწყეთ. 5 იანვრიდან გაყიდვაშია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ულიმიტო სამგზავრო ბარათები. გარკვეული რაოდენობა უკვე გაყიდულია და გაყიდვების ნახევარი მოდის ერთწლიან ბარათებზე.

ეს არის ევროპული სტანდარტი, როდესაც მგზავრები სარგებლობენ ვადიანი ულიმიტო სამგზავრო აბონემენტებით. აღნიშნული სისტემის შესახებ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. თითქოს, მგზავრობის ტარიფი გაძვირდა, რეალობა კი სხვაა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლები, ასევე, 53% ადამიანებისა, რომლებიც შეღავათიანი ტარიფით/ფასით (0,2, 0,1 ლარი) და უფასო მგზავრობის უფლებით სარგებლობენ, ინტეგრირებული სამგზავრო სისტემის ფარგლებში, ნებისმიერი ტრანსპორტით გაცილებით იაფად იმგზავრებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იმის გასარკვევად, თუ სულ რამდენი სამგზავრო ბარათია გაყიდული, ნეტგაზეთი საქართველოს ბანკს დაუკავშირდა. მათ მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, 5 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით, სულ გაიყიდა 140 აბონემენტი, რომელთაგან ყველაზე მეტი – 46, ერთწლიანი აბონემენტია. 5 დღეში გაყიდული  ულიმიტო სამგზავრო აბონემენტების სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

  • 1-დღიანი აბონემენტი – 18
  • 1-კვირიანი აბონემენტი- 9
  • 1-თვიანი აბონემენტი – 36
  • 3-თვიანი აბონემენტი – 10
  • 6-თვიანი აბონემენტი – 21
  • 1-წლიანი აბონემენტი – 46

აბონემენტების გაყიდვა 5 იანვარს დაიწყო, მაგრამ შემდგომ  დროებით შეჩერდა, რისი მიზეზიც ბარათზე დატანილ წარწერაზე შეცდომა  –  “საბაგიროს” ნაცვლად “საბაგარო” იყო.


თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთჯერადი მგზავრობა ძვირდება, პარალელურად, მერია დანერგავს სააბონენტო სისტემას. ახალი სისტემის მიხედვით ფასები ასე გადანაწილდა:

  • ერთჯერადი მგზავრობა, ნაცვლად 50 თეთრისა, იქნება 1 ლარი. ამ შემთხვევაშიც, მომდევნო 90 წუთის განმავლობაში ნებისმიერი სხვა ტრანსპორტით მგზავრობა იქნება უფასო;
  • ერთდღიანი ულიმიტო აბონემენტის ღირებულება იქნება 3 ლარი;
  • ერთკვირიანი — 20 ლარი;
  • სამთვიანი — 100 ლარი;
  • ერთწლიანი — 250 ლარი;
  • ძალაში რჩება სოციალური შეღავათები. მაგალითად, სტუდენტებისთვის და პენსიონერებისთვის მგზავრობის საფასური 20 თეთრი დარჩება, სოციალურად დაუცველთათვის კი- 10 თეთრი. შეღავათების სია სრულად შეგიძლიათ იხილოთ მერიის ოფიციალურ საიტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი