ახალი ამბები

მელიას თქმით, ენმ-ში ცვლილებები შარშან ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა დაკავების გამო ვერ მოახერხა

10 იანვარი, 2022 •
მელიას თქმით, ენმ-ში ცვლილებები შარშან ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა დაკავების გამო ვერ მოახერხა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პარტიაში ცვლილებებია აუცილებელი, რომელიც განპირობებული ენმ-ის წინაშე არსებული გამოწვევებით. მისი განმარტებით, პარტიის შიგნით რეფორმების გატარება მას ჯერ კიდევ შარშან ჰქონდა განზრახული, თუმცა მისი დაკავების, არჩევნების და მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების გამო ეს გასულ წელს ვერ მოხერხდა.

მისი თქმით, ცვლილებები “მხოლოდ იმით არ არის განპირობებული”, რომ პარტიის ამ დრომდე აქტიური წევრები “თავს ვერ ართმევდნენ და სხვა გაართმევს”, ასევე, არც იმით, რომ პარტიის მხოლოდ ახალგაზრდა თაობით დაკომპლექტება სურთ. მელიას განცხადებით, ენმ-ის შიგნით ცვლილებები ითვალისწინებს ისეთი გამოცდილი ადამიანების დამატებასაც, რომლებიც პარტიაში იმედსა და პერსპექტივას ხედავენ და “ერთის მეორით ჩასანაცვლებლად არ იბრძვიან”.

“პარტიის შიგნით რეფორმების გატარება შარშან, დღეის სწორს, მქონდა განზრახული, მაგრამ იცით, რომ არ მომეცა ამის შესაძლებლობა. პროცესი გაიწელა მაგრამ ახლა მე ვთვლი გარდაუვალ აუცილებლობად, რომ პარტიამ მნიშვნელოვნად შეცვალოს როგორც თავისი დღის წესრიგი, ასევე შიგთავსიც კი და ორგანიზაციული თვალსაზრისით ბევრად უფრო გასაგები სამართლებრივი, იურიდიული ფორმა ვიყოთ საზოგადოებისთვის და იცოდეს საზოგადოებამ, რისთვის ვიბრძვით და რა გვინდა.

ამიტომ ცვლილებების აუცილებლობა მხოლოდ იმით არ არის განპირობებული, რომ ვინც აქტიური იყო დღემდე პარტიაში, ის ვერ ართმევდა თავს და სხვა გაართმევს – არა, არავითარ შემთხვევაში. არც იმას ნიშნავს, რომ პარტიაში მხოლოდ და მხოლოდ ენერგიით სავსე ახალი თაობა უნდა მოვიდეს და თანაც, უნდა მოვიდეს ჭარბად, პრინციპულად მნიშვნელოვანი მგონია ეს. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ კარი უნდა გავუღოთ ყველა გამოცდილ საქართველოს მოქალაქეს, მათ ჩვენში იმედი და პერსპექტივა უნდა დაინახონ, რომ ნაციონალური მოძრაობა ერთის მეორით ჩასანაცვლებლად არ იბრძვის. ჩვენი ვალდებულებაა, რომ თითოეული ჩვენგანი დავარწმუნოთ, რომ არაფერი გვამოძრავებს ნათელი მომავლის გარდა, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის ხელშია და ჩვენივე ბედის მჭედლები ვართ ჩვენ.

ამიტომ პროცესი, რომელიც დღეს დავიწყეთ, გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელებული პარტიის შიგნით”, – განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ენმ-ის პოლიტსაბჭოს მელიას ნაცვლად კობა ნაყოფია უხელმძღვანელებს, გენერალური მდივნის პოსტს კი პეტრე ცისკარიშვილი დაიკავებს. რაც შეეხება თავად მელიას, ის პარტიის თავმჯდომარედ რჩება და შეითავსებს თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოზიციასაც, რომელსაც ამ დრომდე ზაალ უდუმაშვილი იკავებდა.

“მინდა საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს, რომ არ გვინდა, უბრალოდ, შესაკრებთა გადანაცვლებით ფონს გავიდეთ, ჩვენ გვინდა, რომ ჯამი შეიცვალოს.

“ნაციონალურ მოძრაობაში მინდა ვიხილო ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც დღემდე თავს იკავებდა ენმ-სთან ან ასოცირებისგან, ან საერთო პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის სურვილი არ ჰქონდათ. ასეთი ადამიანები მინდა ბევრი ვიხილო ამ პარტიაში.

ამ ქვეყანაში ცხოვრობს ბევრი “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი, ცხოვრობენ “ქართული ოცნების” ამომრჩევლები, მაგრამ არიან ბევრნი, ვისაც არცერთი პოლიტიკური პარტია არ მოსწონს და მე მინდა განსაკუთრებით ამ საზოგადოებრივი ჯგუფიდან ბევრი ადამიანი დაინტერესდეს ჩვენი საქმიანობით”, – განმარტა მელიამ.

მისი განცხადებით, ეს ცვლილებები “მნიშვნელოვანი საეტაპო გადაწყვეტილების მხოლოდ ნაწილია”, მასთან ერთად კი აუცილებლად უნდა გადაწყდეს პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულების საკითხიც “და ვიქნებით ოპოზიციაში თუ ხელისუფლებაში, არავის ჰქონდეს იმის განცდა, რომ ვიღაც დაისაჯა ან დააკავეს არასამართლიანად”.

“მინდა, რომ ეს მტკივნეული ფურცელი ისე გადაიშალოს, რომ ხვალ და ზეგ აზრად გავლების შესაძლებლობაც კი არავის ჰქონდეს, რომ შური ვიძიოთ იმ ადამიანებზე, ვინც აუცილებლად დათმობს მიტაცებულ ხელისუფლებას”, – თქვა მელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი