ახალი ამბები

პუტინის თქმით, ყაზახეთში აქციის მონაწილეებმა “მაიდანის” მსგავსი “ტექნოლოგიები” გამოიყენეს

10 იანვარი, 2022 • 3601
პუტინის თქმით, ყაზახეთში აქციის მონაწილეებმა “მაიდანის” მსგავსი “ტექნოლოგიები” გამოიყენეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყაზახეთში განვითარებულ პროცესებს ადარებს უკრაინაში 2014 წლის “მაიდნის” მოვლენებს. მისი თქმით, ყაზახეთში საპროტესტო აქციების მონაწილეებმა მაიდნის მსგავსი “ტექნოლოგია გამოიყენეს”, მათ შორის, ინფორმაციული მხარდაჭერის სახით. ამის შესახებ ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს.

“როგორც [ყაზახეთის] პრეზიდენტმა ტოკაევმა თქვა, გამოყენებული იყო ბოევიკების კარგად ორგანიზებული და მართული ჯგუფები, მათ შორის ისინი, ვინც აშკარად საზღვარგარეთ ტერორისტულ ბანაკებში იყვნენ გაწვრთნილები”, — ამის შესახებ პუტინმა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ რიგგარეშე სესიაზე განაცხადა.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთი სახელმწიფოებრივი საფრთხის წინაშე დადგა და აგრესიაზე სწრაფი რეაგირება აუცილებელი იყო. რუსეთის პრეზიდეტის თქმით, ორგანიზაციამ აუცილებელი ზომების მიღება მაქსიმალურად ოპერატიულად მოახერხა.

პუტინის განცხადებით, ყაზახეთში მიმდინარე მოვლენები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ყველა წევრს ეხება.


ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი – +7 (717) 224-32-58.
ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge.


ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები საწვავის ფასის ძველ ნიშნულზე დაბრუნების მოთხოვნით დაიწყო, თუმცა მალევე ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მთავრობა საბოლოოდ გადადგა, თუმცა, დემონსტრაციები გაგრძელდა.

ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 5 იანვარს, გვიან ღამით კი დემონსტრანტების წინააღმდეგ „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო.

პრეზიდენტის თხოვნის შემდეგ, ყაზახეთში შევიდნენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ქვეყნები, მათ შორის, რუსეთი. ОДКБ ირწმუნება, რომ დემონსტრაციების დაშლაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ქვეყანაში მუშაობა შეწყვიტეს ბანკებმა. ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა, მთავრობა ათობით მსხვერპლზე საუბრობს.

ყაზახეთში გაითიშა ინტერნეტი და მოქალაქეებს ერთმანეთთან დაკავშირება სატელეფონო კავშირითაც უჭირთ.

ქვეყნიდან მწირი ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი მთავარი წყარო სოციალური ქსელი – „ტელეგრამია“, სადაც მათ შორის, მოქალაქეები ავრცელებენ ინფორმაციას. მათ შორის, ცნობას, რომ ალმათისა და სხვა ქალაქებში შეზღუდულია საკვები რესურსები. „ტელეგრამზე“ ვრცელდება კადრები, სადაც მოქალაქეები პურის რიგში დგანან.

მასალების გადაბეჭდვის წესი