ახალი ამბები

ღარიბაშვილის თქმით, ყაზახეთიდან საქართველოს მოქალაქეებს რამდენიმე დღეში დააბრუნებენ

10 იანვარი, 2022 • 2990
ღარიბაშვილის თქმით, ყაზახეთიდან საქართველოს მოქალაქეებს რამდენიმე დღეში დააბრუნებენ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყაზახეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან. ამის შესახებ მან დღეს, 10 იანვარს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა „ძალიან ყურადღებით“ აკვირდება ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს .

„ძალიან განვიცდით ტრაგიკულ მოვლენებს, რომელიც ყაზახეთში განვითარდა, დაიღუპა ათობით ადამიანი.  იმედს გამოვთქვათ, რომ ყველა ზომა იქნება მიღებული უმოკლეს ვადებში ვითარების საბილოოდ დეესკალაციის, უსაფრთხოების და სტაბილურობის მიღწევის მიზნით. გვსურს, რომ ქვეყანამ მალე შეძლოს შედეგების დაძლევა და შემდგომი განვითარების მიმართულებით სვლის გაგრძელებას ვუსურვებთ ჩვენს მოძმე ყაზახებს.

რაც შეეხება ყაზახეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა შესაძლებლობის ფარგლებში ხაზზე იყო მათთან და შესაბამის დახმარებას უწევდა ადგილზე. მთავრობის აქტიური მუშაობის შედეგად, მათი ნაწილი უკვე დაბრუნდა საქართველოში, საქართველოს იმ მოქალაქეებთან, ვინც ადგილზე რჩება, საელჩო აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას და საჭიროების შემთხვევაში უწევს დახმარებას. მათი საქართველოში დაბრუნება უახლოეს დღეებში მოხდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი – +7 (717) 224-32-58.
ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge.


ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები საწვავის ფასის ძველ ნიშნულზე დაბრუნების მოთხოვნით დაიწყო, თუმცა მალევე ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მთავრობა საბოლოოდ გადადგა, თუმცა, დემონსტრაციები გაგრძელდა.

ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 5 იანვარს, გვიან ღამით კი დემონსტრანტების წინააღმდეგ „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო.

პრეზიდენტის თხოვნის შემდეგ, ყაზახეთში შევიდნენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ქვეყნები, მათ შორის, რუსეთი. ОДКБ ირწმუნება, რომ დემონსტრაციების დაშლაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ქვეყანაში მუშაობა შეწყვიტეს ბანკებმა. ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა, მთავრობა ათობით მსხვერპლზე საუბრობს.

ყაზახეთში გაითიშა ინტერნეტი და მოქალაქეებს ერთმანეთთან დაკავშირება სატელეფონო კავშირითაც უჭირთ.

ქვეყნიდან მწირი ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი მთავარი წყარო სოციალური ქსელი – „ტელეგრამია“, სადაც მათ შორის, მოქალაქეები ავრცელებენ ინფორმაციას. მათ შორის, ცნობას, რომ ალმათისა და სხვა ქალაქებში შეზღუდულია საკვები რესურსები. „ტელეგრამზე“ ვრცელდება კადრები, სადაც მოქალაქეები პურის რიგში დგანან.

მასალების გადაბეჭდვის წესი