ავსტრალიის მთავრობამ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და გააუქმა ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩის ვიზა.
ამის მიზეზი გახდა ის, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრას ეწინააღმდეგება. პარალელურად კი, ავსტრალიური მთავრობის თქმით, მან ვერ წარადგინა სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც იტყოდა, რომ მისთვის აცრის ჩატარება სამედიცინო ჩვენების გამო არ შეიძლება.
მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დამოუკიდებელმა სამედიცინო საექსპერტო ჯგუფმა ჯოკოვიჩს ,გამონაკლისის სახით, დართო ნება, არ გაეკეთებინა ვაქცინა.
ჯოკოვიჩს ვიზა ქვეყანაში ჩასვლისთანავე ჩამოერთვა, ის 7 საათის განმავლობაში აეროპორტში იმყოფებოდა, რა დროსაც სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები მას უხსნიდნენ, რომ სპორტსმენს ქვეყანაში შესვლის უფლება არ აქვს.
BBC წერს, რომ ორშაბათს სასამართლო გადაწყვეტს მისი დეპორტაციის საკითხს. ჯოკოვიჩს მონაწილეობა უნდა მიეღო ავსტრალიის ღია ჩემპიონატში.
ავსტრალიაში დღესდღეობით მკაცრი კოვიდ შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორის, ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე.