ახალი ამბები

პარლამენტმა მოსამართლის დისციპლინურ დასჯაზე კანონი მიიღო

30 დეკემბერი, 2021 • 2018
პარლამენტმა მოსამართლის დისციპლინურ დასჯაზე კანონი მიიღო

პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით 81 ხმით მიიღო „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში“ შესატანი ცვლილებები.

ცვლილებებით წესრიგდება რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი, ასევე, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის სტრუქტურის, საშტატო ნუსხასა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცებასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინურ საკითხებზე მოსამართლის მიმართ გადაწყვეტილებების მიღების კვორუმთან და მოსამართლის მიმართ გამოსაყენებელ დისციპლინურ სახდელებთან დაკავშირებული საკითხები.

კანონში, ინიცირებული ვერსიისგან განსხვავებით, ამოღებულია პუნქტი, რომელიც მოსამართლეთა მიმართ შემდეგი ახალი დისციპლინური სახდელების გამოყენებას ითვალისწინებდა, როგორიცაა აზრის გამოთქმისას „ზომიერებისა და გაწონასწორებულობის“ კრიტერიუმის დარღვევაზე დისციპლინური სასჯელის დაწესების შესახებ.

ამის მიუხედავად, ოპოზიცია და არასამთავრობოები კანონპროექტ აკრიტიკებდნენ.

ცვლილებების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმი მცირდება და სრული შემადგენლობის 2/3-ის ნაცვლად, საბჭოს უმრალო უმრავლესობა იქნება.

კანონპროექტით, ასევე, გათვალისწინებულია დისციპლინური სამართალწარმოების ვადების შემცირება/განახევრება ყველა ეტაპზე, რაც „სამართალწარმოების ეფექტიანობის გაზრდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი