ახალი ამბები

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს კონსილიუმი – ომბუდსმენი

30 დეკემბერი, 2021 • 2302
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს კონსილიუმი – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას.

სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ 27 დეკემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლის უფლება არ მიეცათ სახალხო დამცველის რწმუნებულს და ექსპერტთა ჯგუფის წევრს.

ექიმ-ნევროლოგს არ მიეცა შესაძლებლობა, შეხვედროდა მიხეილ სააკაშვილს, გაცნობოდა მის სამედიცინო დოკუმენტაციას და შეეფასებინა მისი მდგომარეობა.

ომბუდსმენის თანახმად, პაციენტის ნევროლოგიური მდგომარეობის შეფასება მნიშვნელოვანი იქნებოდა განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ამ პერიოდში იქნა მიღებული გადაწყვეტილება პენიტენციურ სისტემაში პაციენტის დაბრუნების შესახებ.

„სამწუხაროდ, ეტაპირება განხორციელდა ისე, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იკვეთება სახელმწიფო კონსილიუმის ჩართულობა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების მონიტორინგის შესაძლებლობა არ მიეცა არც სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფს“, – წერს ომბუდსმენის აპარატი 30 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადებით, 30 დეკემბერსვე, სააკაშვილის N12 დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ორჯერ სცადეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა და გასაუბრება. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოიპოვეს სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე გაესაუბრნენ დაწესებულების ექიმსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომლებმაც დააფიქსირეს, რომ ეტაპირების პროცესში არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, თუმცა მისმა ადვოკატებმა დაადასტურეს, რომ მის მიმართ 30 დეკემბერს არასათანადო მოპყრობა არ განხორციელებულა“, – წერს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველი ასევე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს სახელმწიფო კონსილიუმი და შესრულდეს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციები.

„ამავდროულად, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გააგრძელებს მკურნალობის ტაქტიკის მონიტორინგს. ექსპერტთა ჯგუფის წევრთა ნაწილის დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ჯგუფის სრულად შეკრება ამ ეტაპისთვის ვერ ხერხდება. მიუხედავად ამისა, ექსპერტთა ჯგუფი ეცდება, რომ უახლოეს პერიოდში სრულყოფილად შეისწავლოს პაციენტის სამედიცინო სტატუსი და მისთვის დანიშნული მკურნალობის ადეკვატურობა“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

მიხეილ სააკაშვილი 30 დეკემბერს გამთენიისას გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში.

სააკაშვილის გადაყვანა რუსთავის ციხეში რამდენიმე დღის წინაც სცადეს, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგობის შემდეგ პროცესი დროებით გადაიდო, რადგან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმ მომენტისთვის გართულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი