ახალი ამბები

პარლამენტმა მე-2 მოსმენითაც მიიღო ცვლილებები მოსამართლეებთან დაკავშირებით

30 დეკემბერი, 2021 •
პარლამენტმა მე-2 მოსმენითაც მიიღო ცვლილებები მოსამართლეებთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტმა 30 დეკემბერს მეორე მოსმენითაც მიიღო „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რაც მოსამართლეების საკითხს ეხება.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 79-მა პარლამენტარმა, წინააღმდეგ 3 წავიდა. პირველი მოსმენით კანონპროექტი წინა დღით, 29 დეკემბერს, მიიღეს. დარჩენილია მესამე, საბოლოო მოსმენა.

კანონპროექტიდან, ინიცირებული ვერსიისგან განსხვავებით, ამოღებულია პუნქტი, რომელიც მოსამართლეთა მიმართ შემდეგი ახალი დისციპლინური სახდელების გამოყენებას ითვალისწინებდა, როგორიცაა აზრის გამოთქმისას „ზომიერებისა და გაწონასწორებულობის“ კრიტერიუმის დარღვევაზე დისციპლინური სასჯელის დაწესების შესახებ.

ამის მიუხედავად, ოპოზიცია და არასამთავრობოები კანონპროექტ აკრიტიკებდნენ.

ცვლილებების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმი მცირდება და სრული შემადგენლობის 2/3-ის ნაცვლად, საბჭოს უმრალო უმრავლესობა იქნება.

კანონპროექტით, ასევე, გათვალისწინებულია დისციპლინური სამართალწარმოების ვადების შემცირება/განახევრება ყველა ეტაპზე, რაც „სამართალწარმოების ეფექტიანობის გაზრდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება“.

კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი