ახალი ამბები

სააკაშვილისთვის დასმულია ახალი დიაგნოზი, რომელსაც არ გავახმაურებთ — ომბუდსმენის წარმომადგენელი

29 დეკემბერი, 2021 • 4127
სააკაშვილისთვის დასმულია ახალი დიაგნოზი, რომელსაც არ გავახმაურებთ — ომბუდსმენის წარმომადგენელი

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა საბა ბრაჭველმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა. ბრაჭველი ასევე შეხვდა ექიმ-ნევროლოგს და ჰოსპიტლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

„როგორც გავიგეთ, 27 დეკემბერს არის დასმული ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ. თავად პაციენტი ამბობს, არის რომ მას ჰქონდა სამი ჰიპერტონიული კრიზი. ამჟამად ის თავს კვლავ არ გრძნობს კარგად და ითხოვს დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას, მათ შორის, ნევროლოგთან, თუმცა მკურნალი ნევროლოგი ამბობს, რომ მკურნალობა ამ მომენტისთვის არის დადებითი. სამწუხაროდ, დღეს არ მოგვეცა სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შესაძლებლობა იმ მიზეზით, რომ 6 საათის მერე ფორმა 100-ის გაცნობა შეუძლებელი გახდა. ამის გათვალსიწინებით, მნიშვნელოვანი იყო გუშინ ჩემთან მყოფი ნევროლოგი შესულიყო, რაც არ მოხერხდა“, — განაცხადა ბრაჭველმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმთა კონსილიუმს მიეცეს სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა, რის ორგანიზებასაც ომბუდსმენის აპარატი უახლოეს დღეებშიც შეეცდება.

საბა ბრაჭველის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი ამ დროისთვის ვერ ასრულებს უფლებამოსილებას, ხოლო ახალი მკურნალი ექიმი დანიშნული არ არის და სხვადასხვა პროფილის ექიმები ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას მკურნალობის სტრატეგიის დაგეგმვასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა 27 დეკემბერის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის პალატაში ფანჯრის დაბურვასთან დაკავშირებით.

“მიხეილ სააკაშვილმა გვითხრა, რომ 27-ში სახალხო დამცველის წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ მასთან შევიდა 6 პირი, რომელთაც ჯერ სცადეს საათის წართმევა და ასევე, მოხდა ფანჯრის დაგმანვა, თუმცა მოგვიანებით პატარა სარკმელი ამოიჭრა, რომელიც მცირედით იღება და ჩემეთვის წარმოუდგენელია, მზის შუქი როგორ შეუძლება იქ შევიდეს”, — თქვა ბრაჭველმა.


როგორც ცნობილია, 27 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება სცადა. მიხეილ სააკაშვილის თანახმად, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მისი ძალით გადაყვანა სცადეს, თუმცა მან წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც გონება დაკარგა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მეორე დღეს განაცხადა, რომ მკურნალობის დასრულების შემდგომ, სამედიცინო პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერის შესახებ, თუმცა მსჯავრდებული არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნას, აღელვების ნიადაგზე, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის შედეგადაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის დროებით გადავადების თაობაზე.

28 დეკემბერსვე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი ადასტურებს მოცემულოებას, რომ ყოფილ პრეზიდენტს პოსტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) აქვს და მისი მკურნალობა საქართველოს პირობებში თავისუფლების გარეშე რეაბილიტაცია შეუძლებელად მიაჩნია. ამ განცხადებიდან მცირე ხანში, გორის ჰოსპიტლის უფროსმა, მალხაზ ურთქმელიძემ ჟურნალისტებს წაუკითხა, მისი თქმით, ექიმი ნინო გოგორიშვილის განმარტება, რომლის თანახმადაც ნიკა გვარამიამ იგი შეცდომაში შეიყვანა, გამოკითხვაში არსებულ კითხვებზე ჯერ ხელი მოაწერინა, შემდეგ კი ისინი განავრცო.

ჟურნალისტებთან კომენტარი თვითონ გოგორიშვილმაც გააკეთა და გვარამია „ინტერპრეტაციაში“ დაადანაშაულა:

„მე არ მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გაყვანილი საქართველოდან უცხოეთში სამკურნალოდ. მე ვუთხარი, რომ ფსიქოთერაპიული რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის თავისუფალი და ეს სად იქნება, ეს უკვე ჩვენ არ გვეხება“, – განაცხადა გოგორიშვილმა.

ნიკა გვარამიამ ექიმზე ზეწოლის შესახებ ბრალდება უარყო და პენიტენციურს კამერების ჩანაწერების გასაჯაროებისკენ მოუწოდა.

 

 

ამ თემაზე:

გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის ექიმი გვარამიას „შეცდომაში შეყვანაში“ ადანაშაულებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი