ახალი ამბები

“ოპოზიციას მართლაც შეუძლია შეაჩეროს კანონპროექტის მიღება მინიმუმ დაჩქარებული წესით”

29 დეკემბერი, 2021 • 2253
“ოპოზიციას მართლაც შეუძლია შეაჩეროს კანონპროექტის მიღება მინიმუმ დაჩქარებული წესით”

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს აკრიტიკებს, რომლებიც პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხის განხილვაში არ არიან ჩართული.

მათი თქმით, იმისათვის, რომ კანონპროექტის დაჩქარებულად მიღებას ხელი შეუშალონ, ყველა ოპოზიციონერი განხილვას უნდა დაესწროს და რეგლამენტით გათვალისწინებული დრო გამოიყენოს.

“დაიწყო ინსპექტორის კანონპროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე. ეს კანონი არავის მოსწონს, ოცნების გარდა. და მთავარი კითხვაა – რისი გაკეთება შეუძლია ოპოზიციას? ახლა ის მომენტია, როცა ოპოზიციას მართლაც შეუძლია შეაჩეროს კანონპროექტის მიღება მინიმუმ დაჩქარებული წესით. ამისთვის ყველა ოპოზიციონერმა უნდა გამოიყენოს ტრიბუნა – ანუ რეგლამენტით გათვალისწინებული დრო! დაჩქარებული განხილვის შესაჩერებლად ეს საკმარისი იქნება. თან ეს სრულიად კანონიერი და არაძალადობრივი გზაა. მაგრამ ორი ათეული ოპოზიციონერიც კი არ არის დარბაზში”, – აცხადებს “ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი.

ფრაქცია “ლელოს” კიდევ ერთი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ფლანგი დღესაც არაა შევსებული “მნიშვნელოვანი საპარლამენტო ბრძოლის დროს”.

“როგორ შეიძლება შეჩერდეს ან გადაიდოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან გაგდების პროცესი, რომელმაც ძალიან დიდი სიმამაცე და პოლიტიკური პასუხისმგებლობა გამოავლინა, მათ შორი პრეზიდენტი სააკაშვილის საქმეზე?

ამ ეტაპზე, მხოლოდ საპარლამენტო პროცედურული ომით, რომელშიც მნიშვნელობა აქვს ყოველი ოპოზიციური დეპუტატის მიერ საკუთარი საპარლამენტო მანდატის ათვისებას, სასაუბრო დროის გამოყენებას”, – აცხადებს სამადაშვილი.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძეც ამბობს, რომ ახლა თითოეული დეპუტატის მიკროფონს აზრი აქვს.

“50 დეპუტატი რომ ვიყოთ, თითოს 4 წუთი მაინც აქვს მიკროფონთან. 27–ჯერ მაინც, რადგან ამდენი კანონპროექტისგან შედგება პაკეტი. ყველაზე დიდ ფრაქციას 50 წთ აქვს გამოსვლისთვის, ჩვენ და კიდე ერთ ფრაქციას ჯამში 30 წთ მაინც. ჰოდა, ამ ყველაფრით, პასუხებსაც რომ დავამატებთ, იმასაც – მომხსენებელი რომ ყველაფერს ვერ პასუხობს ისეთ დღეშია, 100 საათზე გავალთ და ვერც ამ “დაჩქარებას” შეძლებდნენ!”, – აცხადებს სამნიძე.

“ქართული ოცნება” სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს აუქმებს და მის ნაცვლად ორ ახალ სამსახურს აფუძნებს, რომელთაგან ერთი სამოხელეო დანაშაულზე იქნება პასუხისმგებელი, ხოლო მეორე – პერსონალური მონაცემების დაცვაზე. ამ დროისთვის ეს ორივე ფუნქცია სახელმწიფო ინსპექტორის ერთ სამსახურშია გაერთიანებული.

კანონპროექტს, მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავად სახელმწიფო ინსპექტორის კრიტიკისა, მხარი სამმა კომიტეტმა დაუჭირა. დღეს, 29 დეკემბერს, კი “ოცნების” კანონპროექტს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განიხილავენ დაჩქარებული წესით.

მასალების გადაბეჭდვის წესი