ახალი ამბები

უცხოეთში ვაქცინირებულები Georgia eHealth აპლიკაციის გამოყენებას შეძლებენ — სამინისტრო

29 დეკემბერი, 2021 •
უცხოეთში ვაქცინირებულები Georgia eHealth აპლიკაციის გამოყენებას შეძლებენ — სამინისტრო

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით უცხოეთში აცრილ პირებს იმუნიზაციის მოდულში რეგისტრაციის უფლება მიეცათ, რაც მათ Georgia eHealth აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობას მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, არის შემთხვევები, როდესაც პირებს, ვისაც ვაქცინის ერთი დოზა მაინც საქართველოს საზღვრებს გარეთ აქვთ გაკეთებული, იმუნიზაციის მოდულში რეგისტრაციას ვერ ახერხებენ. ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეებს, ვისაც მსგავსი პრობლემა ექმნება, იმუნიზაციის მოდულში ჩართვას შემდეგი პროცედურებით სთავაზობს:

“რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ ქვემოთ მითითებულ სამედიცინო დაწესებულებებს და წარმოადგინონ შესაბამისი ქვეყნის ამცრელი დაწესებულების მიერ გაცემული აცრის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები,რის საფუძველზეც ადგილზევე მოხდება მათი რეგისტრაცია და სტატუსი აისახება Georgia eHealth აპლიკაციაში.

აღნიშნული ობიექტებია:

  •  შპს “აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა”- ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №29
  • შპს „Exspress Medical Service” – ქ. თბილისი,ზღვის პლაზა ჰუალინგი
  • შპს ,,ვივამედი“- ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი N234
  • შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, სოფელი რუხი
  • შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. 2

საქართველოში ე.წ. “მწვანე პასპორტის” სისტემა მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან ამოქმედდა. პირის კორონავირუსთან დაკავშირებული სტატუსი შესახებ ინფორმაცია ელექტრონული აპლიკაციებზე COVIDPASS.MOH.GOV.GE. და Georgia e-health არის ხელმისაწვდომი.

მასალების გადაბეჭდვის წესი