ახალი ამბები

პატიმრის გადაყვანა არ თანხმდება ადვოკატთან — ბრეგაძე სააკაშვილზე

28 დეკემბერი, 2021 •
პატიმრის გადაყვანა არ თანხმდება ადვოკატთან — ბრეგაძე სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მსჯავრდებულის კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის შეთანხმება ადვოკატებთან არ ხდება.

„როცა ხდება პატიმრის გადაყვანა, ამის შეთანხმება არ ხდება ადვოკატებთან და ეს არ არის საჭირო, გაწერილი პროცედურა … ეს არ არის საჭირო და ისე ნუ წარმოადგენთ, რომ ეს იყო საჭირო და პენიტენციურმა სამსახურმა რაიმე ნორმა დაარღვია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ 28 დეკემბერს გამართულ ბფირინგზე.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 27 დეკემბერს, საღამოს საათებში, მისთვის უცნობმა პირებმა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მისი ძალით გადაყვანა სცადეს, თუმცა მან წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც გონება დაკარგა.

სააკაშვილის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მათთვის სააკაშვილის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ მიუწოდებიათ.

28 დეკემბრის დილას პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განმარტება, შემდეგ კი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემაც განაცხადა, რომ სააკაშვილს გორში „გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება“, ხოლო „მკურნალობის დასრულების შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება სამხედრო ჰოსპიტლიდან გაწერის შესახებ“.

„იგი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, აღელვების ნიადაგზე აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა და, შესაბამისად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის, კანონიერი ღონისძიების, დროებით გადადების შესახებ“, – აცხადებს მინისტრი ბრეგაძე.

„ბუნებრივია, პატიმარი ვერ იქნება სამკურნალო დაწესებულებაში, როცა დასრულებულია მკურნალობა და იგი გაწერილია ჰოსპიტლიდან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი