ახალი ამბები

პენიტენციური: სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანა დროებით გადავავადეთ

28 დეკემბერი, 2021 • 1938
პენიტენციური: სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანა დროებით გადავავადეთ

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დროებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის დასრულების შემდგომ, სამედიცინო პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერის შესახებ, თუმცა მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნას რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ.

„აღელვების ნიადაგზე, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის შედეგადაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება კანონიერი გადაყვანის ღონისძიების დროებით გადავადების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 19 ნოემბრიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი შესაბამისი მკურნალობისთვის გადაყვანილი იყო გორის გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მას გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება და მუდმივ რეჟიმში იმყოფებოდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, — ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.


ექიმ ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, 27 დეკემბერს მას გორის ჰოსპიტალში შესვლის საშუალება არ მისცეს.

ჰოსპიტალში საღამოს ასევე მივიდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ანა ჯანიაშვილი. ჯანიაშვილის ინფორმაციით, სააკაშვილმა მას უთხრა, რომ მის გადაყვანას აპირებდნენ, რა დროსაც, ის შეუძლოდ გახდა – „შემდეგ აღარ ახსოვს, რაღაც ეტაპი“.

გვიან ღამით, სახალხო დამცველის გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან ადვოკატმა და „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ სააკაშვილის წერილი წაიკითხა, სადაც ის ამბობს, მისთვის უცნობმა პირებმა, მისი ძალით გადაყვანა სცადეს.

„მე გავუწიე წინააღმდეგობა, რის შემდეგაც გავითიშე და არ მახსოვს გარკვეული მონაკვეთი. გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მადგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდი და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ, მაგრამ არ შემოუშვეს. ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზი, რომელიც ოდესმე მქონია ცხოვრებაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიღებდნენ ვიდეოს, მათ შორის სამედიცინო პრობლემების დროს. ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილი წერილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი