იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ თუკი რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ სააკაშვილმა კვლავ დაიწყო შიმშილობა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მას კვლავ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუკი სააკაშვილი, გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ კვლავ შიმშილობას დაიწყებს, როგორ განვითარდება პროცესები, სად გადაიყვანენ მას სამკურნალოდ, მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა:
„ყოველთვის ასეა, ზოგადად, თუკი შესაძლებელია, რომ პრობლემა შეექმნას ჯანმრთელობას, არსებობს გლდანის მე-18 დაწესებულება [გლდანის ციხის საავადმყოფო], სადაც გადაგვყავს ხოლმე ყველა პატიმარი. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, უფრო სწორად, ისიც იქნება გადაყვანილი ამ დაწესებულებაში“.
მინისტრის თქმით, ეს არის სტანდარტი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში არსებობს და ყველაზე ვრცელდება და „სააკაშვილი გამონაკლისი არ არის“.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 27 დეკემბერს, საღამოს საათებში, მისთვის უცნობმა პირებმა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მისი ძალით გადაყვანა სცადეს, თუმცა მან წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც გონება დაკარგა.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს გორში „გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება“, ხოლო „მკურნალობის დასრულების შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება სამხედრო ჰოსპიტლიდან მისი გაწერის შესახებ“.
ბრეგაძის თანახმად, სააკაშვილს „აღელვების ნიადაგზე აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა“, რის გამოც სააკაშვილის გადაყვანა დროებით გადაიდო.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ წინა ღამით თქვა, რომ სააკაშვილი შიმშილობას აპირებს, თუ გორის ჰოსპიტალიდან მის გადაყვანას ფიზიკური ძალის გამოყენებით შეეცდებიან.
„მას [სააკაშვილს] აქვს ნათქვამი, თუკი ისინი შეეცდებიან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანონ, ის დაუყოვნებლივ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით .. ადამიანი, რომელიც ვერ იკვებება ფაქტობრივად, პატარა ბავშვის დოზასაც ვერ იღებს – ეს ადამიანი აპირებს შიმშილობას,“ – თქვა ხერხეულიძემ „მთავარ არხთან“.
გირჩევთ ასევე: