ახალი ამბები

პარლამენტი საპარლამენტო სუვერენიტეტის შესაბამისად იმოქმედებს — ოხანაშვილი

28 დეკემბერი, 2021 • 1688
პარლამენტი საპარლამენტო სუვერენიტეტის შესაბამისად იმოქმედებს — ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ პარლამენტი საპარლამენტო სუვერენიტეტის შესაბამისად იმოქმედებს ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით.

აშშ-ის ელჩსა და “ქართული ოცნების” წევრებს შორის შეხვედრა პარლამენტში დღეს, 28 დეკემბერს გაიმართა.

შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტი იყო, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

აშშ-ს ელჩი აცხადებს, რომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობა არ არ არსებობს და პარლამენტს პროცესის შენელებისკენ მოუწოდებს.

როგორც ოხანაშვილი ამბობს, პარლამენტი კანონპროექტების განხილვას გააგრძელებს.

“ჩვენ გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა და სტრატეგიული პარტნიორის პოზიციას ყოველთვის ვისმენთ, ვცვლით პოზიციებს და ვმსჯელობთ. სწორედ ამის დასტურია ის, რომ დღეს ჩვენ კომიტეტის ჩატარებამდე შევხვდით ქალბატონ ელჩს და გავცვალეთ პოზიციები. ჩვენ მას მივაწოდეთ მთელი რიგი საკითხებისა, საკმაოდ ნაყოფიერი და ინტენსიური მსჯელობა, პოზიციების გაცვლა იყო.

დეტალებთან დაკავშირებით ყურადღებას აღარ გავამახვილებ. რა თქმა უნდა, პარლამენტი საპარლამენტო სუვერენიტეტის შესაბამისად იმოქმედებს. საქართველოს პარლამენტი აგრძელებს მუშაობას კანონპროექტებზე და საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში. ჩვენ ვაგრძელებთ კანონპროექტების განხილვას. ის მსჯელობა, ის დისკუსია, რაც ჩვენს პარტნიორთან გვქონდა, ასევე კომიტეტში რაც იქნება, გუნდის შიგნით მსჯელობის საგანი გახდება. შესაბამისად, ეტაპობრივად კანონპროექტთან მიმართებით, თუ ამის რესურსს მოგვცემს საკანონმდებლო ტექნიკა, შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები ავსახოთ.

თუმცა საქართველოს პარლამენტი აგრძელებს საპარლამენტო სუვერენიტეტის შესაბამისად კანონპროექტების განხილვას და საბოლოო პოზიციების მოსმენისა და პარტნიორებთან შესაბამისი კონსულტაციების გათვალისწინებით მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, — განაცხადა ოხანაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი