ახალი ამბები

„ოცნებიდან“ 100 000 ლარს მთავაზობდნენ – სენაკის საკრებულოს წევრი ენმ-დან

28 დეკემბერი, 2021 • 3279
„ოცნებიდან“ 100 000 ლარს მთავაზობდნენ – სენაკის საკრებულოს წევრი ენმ-დან

სენაკის საკრებულოს წევრის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლაშა კუჭავას განცხადებით, „ქართული ოცნება“ მას თავისი ხმის სანაცვლოდ 100 000 ლარს სთავაზობდა.

ლაშა კუჭავამ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ სენაკის საკრებულოში უმრავლესობისთვის აკლია ერთი ხმა და მმართველი პარტია ამ უმრავლესობის მოსაპოვებლად „ყველაფერს მიმართავს“.

„სჭირდებათ ერთი ხმა და ამ ერთი ხმისთვის არამარტო ჩემთან, არამედ ჩემს პარტიის თითქმის ყველა წევრთან არიან მისულები ანალოგიური შეთავაზებით“, – გვითხრა მან.

მისი თქმით, პირადად მას 100 000 ლარი შესთავაზეს. ინფორმაცია, რომ კუჭავამ ეს განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, თავდაპირველად სააგენტო „ტაიმერმა“ გაავრცელა.

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, მიმართა თუ არა სამართალდამცავ უწყებებს, კუჭავამ თქვა, რომ არ მიუმართავს, რადგან შეთავაზება მოხდა ისეთ ვითარებაში, რომ მას ამის დამამტკიცებელი საბუთი არა აქვს.

ის არც იმ ადამიანის ვინაობას აზუსტებს, ვინც აღნიშნული თანხა შესთავაზა და მხოლოდ იმას ამბობს, რომ იგი „ქართული ოცნების“ წევრია.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა „ქართული ოცნების“ პრესცენტრს საპასუხო კომენტარის მისაღებად.

სენაკის საკრებულოს 33 დეპუტატი აკომპლექტებს. უმრავლესობას 17 ხმა სჭირდება. „ქართულ ოცნებას“ 16 წევრი ჰყავს, ენმ-ს – 13, გიორგი გახარიას პარტიას კი – 4.

„ნაციონალური მოძრაობის“ თანახმად, 100 000 დოლარი შესთავაზეს ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარ წევრ ნუგზარ ფუტკარაძეს „ნეიტრალური პოზიციის“ დაფიქსირებაში.

ვრცლად ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი