ახალი ამბები

ჩხოროწყუს საკრებულოს წევრი გახარიას პარტიას ტოვებს

27 დეკემბერი, 2021 • 7534
ჩხოროწყუს საკრებულოს წევრი გახარიას პარტიას ტოვებს

ჩხოროწყუს საკრებულოს წევრი ჯონი ჯალაღონია აცხადებს, რომ ტოვებს გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“.

ამ გადაწყვეტილების შესახებ ჯალაღონიამ ფეისბუკზე გაავრცელა განცხადება.

„ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღო: იმისათვის რათა საკუთარ თავთან და ჩემს ხალხთან მართალი ვიყო ვტოვებ პარტიას“, – წერს იგი.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მიაღება გარემოებამ, რომ დარწმუნდა, „ვბრუნდებოდით წარსულში“:

„კონკრეტულად, [გადაწყვეტილება მიმაღებინა] „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ კოალიციურმა გაერთიანებამ, სადაც ძირითადი ძალა იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, რაც აშკარად ჩანს, ეს კი ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა არ ყოფილა“.

„მიუხედავად ამისა მე მაინც ღიად დავუჭირე მხარი პარტია საქართველოსთვოს პარტიის ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს“, – წერს დეპუტატი.

„მეორე მიზეზი, ბევრ სხვა მიზეზს შორის, ის იყო, რაც პირად შეურაცხობად აღვიქვი: ყველა არჩევნების წინ სხვადასხვა სახის მონიშვით ხმის მიცემის დირექტივა, რაც საკმარისი გახდა, მიმეღო გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ“, – წერს იგი.

„მე მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას, ვისაც მართლა დამოუკიდებლად უნდა ემსახუროს ჩვენს მოსახლეობას და ქვეყანას, შემოგვიერთდით და ყოველგვარი პარტიული ნიშნის გარეშე თავისუფალი ვიყოთ გადაწყვეტილებების მიღებაში და ასე ვაკეთოთ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისათვის საჭირო კეთილი საქმეები“, – აცხადებს დეპუტატი.

ჯონი ჯალაღონია 2021 წლის 3 აგვისტომდე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი იყო სოფელი ზუმიდან, თუმცა აგვისტოში თანამდებობა და პარტია დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა.

„ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ის ბინძური ტყუილების კამპანია, რომელსაც მმართველი პარტია საკუთარი გუნდის ყოფილი წევრის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, მიმართ აგორებს“, – წერდა იგი აგვისტოში.


ჩხოროწყუ ქვეყნის მასშტაბით პირველი მუნიციპალიტეტია, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი აირჩიეს.

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ ხუთშაბათს, 23 დეკემბერს გამართულ სხდომაზე დეპუტატებმა აირჩიეს გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“ წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი შოთა წურწუმია.

კენჭისყრაში 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. შოთა წურწუმიამ საკრებულოს 14 წევრის მხარდაჭერა მიიღო. თავმჯდომარის ასარჩევად ზუსტად 14 ხმა იყო საჭირო. ერთი ბიულეტენი გაბათილდა.

თუმცა წინა კენჭისყრებზე პროცესები სხვაგვარად წარიმართა: ორი კვირით ადრე, 9 დეკემბრის სხდომაზე „ოცნების“ კანდიდატმა 13 ხმა მიიღო, როდესაც „ოცნებას“ მხოლოდ 12 წევრი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი