ახალი ამბები

ინსპექტორზე ოპოზიციის ალტერნატიული წინადედების გამო „ოცნებამ“ ბიურო ჩაშალა

28 დეკემბერი, 2021 • 1646
ინსპექტორზე ოპოზიციის ალტერნატიული წინადედების გამო „ოცნებამ“ ბიურო ჩაშალა

დღეს, 28 დეკემბერს ჩანიშნული პარლამენტის ბიუროს სხდომა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით “ლელოს” ალტერნატიული წინადადება უნდა განხილულიყო, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აღიარა, რომ მმართველმა პარტიამ ბიუროს სხდომა შეგნებულად ჩაშალა, რათა ოპონენტებს „დროის გაწელვის“ საშუალება არ მისცემოდათ.

„ძალიან გულწრფელი, რომ ვიყო, ოპონენტებმა გადაწყვიტეს პროცედურული მექანიზმების გამოყენებით მაქსიმალურად გაეწელათ დრო. ჩვენც ამას დავუპირისპირდით იმით, რომ არ მოვახდინეთ ბიუროს სხდომისათვის განსაკუთრებული მობილიზება და შეიძლება ითქვას, შეგნებულადაც, ბიუროს სხდომა ჩავარდა კვორუმის არარსებობის გამო“, — განაცხადა მდინარაძემ.

“შეშინებული ოცნება არ მოვიდა ბიუროს სხდომაზე – რომ ლელოს ალტერნატიული კანონპროექტების განხილვა არ დაეშვათ. ამით მათ არამხოლოდ ინსპექტორის კანონპროექტი დაბლოკეს, არამედ ასევე უარი უთხრეს ასობით პატიმარს და მათი ოჯახის წევრებს რეალურ კოვიდ-ამნისტიაზე! როგორც იცით, გუშინ წარვადგინეთ ალტერნატიული კანონპროპექტი, რომელიც კოვიდით ორმაგად დამძიმებულ პატიმრებს და მათ ოჯახებს რეალურ შეღავათებს მისცემდა – სასჯელებს შეუმცირებდა! ამასთან ისე, რომ მართლწესრიგს საფრთხე არ შექმნოდა”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გუშინ, 27 დეკემბერს, ანა ნაცვლიშვილმა „ლელოს“ სახელით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონთან და თანმდევ კანონებთან დაკავშირებით ალტერნატიული ინიციატივა წარადგინა. მან ალტერნატიული კანონპროექტის განხილვისთვის ბიუროს სხდომის ჩანიშვნა სთხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი